ახალი ამბები

პატრუშევი საქართველოს შესახებ საუბრობს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე „რუსეთში ტერორისტული აქტების განსახორციელებლად ადამიანების მომზადებაში“ დაადანაშაულა.

რუსეთის ოფიციალური პირები დროდადრო საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამისტი მებრძოლების დახმარებაში ადანაშაულებენ. ბოლოს ასეთი ბრალდება აგვისტოში გაისმა ეროვნული კონტრტერორიზმის კომიტეტის მხრიდან – ეს რუსეთის სამთავრობო ორგანოა და უშიშროების ფედერალური სამსახურის დაქვემდებარებაში შედის.   

რუსულ გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტი“–სთან ინტერვიუში, რომელიც 14 დეკემბერს გამოქვეყნდა, პატრუშევმა განაცხდა, რომ არ შეიძლება პარალელების გავლება  საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას და ქართველ ხალხს შორის. 

„რუსეთის და საქართველოს მრავალეროვანი ხალხები ერთმანეთთან მტკიცედ არიან დაკავშირებული. სააკაშვილი ისეთ პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც შორსაა ქართველი ხალხის ინტერესებისგან. სულ უფრო მეტი ქართველი ჯარისკაცი მიემგზავრება სხვა ქვეყნებში საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის. საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანებს ამზადებენ, რათა მათ ტერორისტული აქტები განახორციელონ რუსეთში. რეალურად ნეგატიური პროცესები მიმდინარეობს ქვეყნის ეკონომიკაში. იზრდება საგარეო ვალის მოცულობა, ინფლაცია. ადგილობრივი მოსახლეობის არასწორი ინფორმირება ხდება, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით. ამაში მათ რამდენიმე უცხოური მედია საშუალებაც ეხმარება“, – განაცხადა პატრუშევმა, რომელიც ცხრა წლის მანძილზე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი იყო, სანამ 2008 წელს უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნებოდა. 

Back to top button