
ეშტონი: საქართველოს შესახებ ევროკავშირი–რუსეთის სამიტზე იმსჯელებენ
საქართველო იმ საგარეო პოლიტიკურ საკითხებს შორის იქნება, რომლებიც ბრიუსელში 14–15 დეკემბერს ევროკავშირი–რუსეთის სამიტზე იქნება განხილული, განუცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა ევროპარლამენტარებს სამშაბათს.
„ჩვენ განვაგრძობთ რუსეთის ჩართვას საქართველოს საკითხში, სადაც რუსეთს კვლავ შესასრულებელი აქვს ის ვალდებულებები, რომელიც 2008 წლის აგვისტოს და სექტემბრის შეთანხმებებით აიღო“, – განაცხადა მან სტრასბურგში ევროპარლამენტში ევროკავშირი–რუსეთის მომავალი სამიტის შესახებ საუბრისას.
დებატების დროს, რომელიც ეშტონის გახსნითი სიტყვის შემდეგ გაიმართა, ევროპელმა დეპუტატებმა ძირითადად რუსეთის შიდა საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებზე და არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე. ევროპარლამენტის პოლონელმა წევრმა მარეკ მიგალსკიმ მადლობა გადაუხადა ეშტონს იმისათვის, რომ იგი ევროკავშირი–რუსეთის სამიტზე საქართველოს საკითხის წამოწევას გეგმავს.
„რუსეთთან განხილვებზე კვლავ რამდენიმე საკითხი იქნება წამოწეული და ერთ–ერთი ნამდვილად საქართველოა“, – განაცხადა ეშტონმა თავის დასკვნით სიტყვაში.