
საპარლამენტო კომიტეტები რუსეთში არჩევნების გაყალბებას და მომიტინგეების დაპატიმრებას გმობენ
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთში 4 დეკემბერს გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით და მომიტინგეების დაკავებას გმობენ.
„არჩევნების მასობრივი გაყალბებისა და საკუთრივ ე. წ. „მართული დემოკრატიის“ ცნების წინააღმდეგ რუსეთის მოქალაქეების საყოველთაო პროტესტი ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის დღევანდელი ხელისუფლება ვერ აცნობიერებს ისტორიის შემობრუნების მცდელობის უპერსპექტივობას და დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობას“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
განცხადება, რომელიც აღნიშნავს, რომ რუსეთში 10 დეკემბერს გამართული ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები საბჭოთა კავშირის დაშლის 20 წლისთავს დაემთხვა, მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, „განაგრძოს დიპლომატიური ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე საკუთარი მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი „მხარს უჭერენ რუსეთის ფედერაციაში ძირითადი სამოქალაქო უფლებების განმტკიცებისაკენ მიმართულ მოთხოვნებს და გამოთქვამენ რწმენას, რომ რუსეთის დემოკრატიული ტრანსფორმაცია გააუმჯობესებს მოსკოვის ურთიერთობებს ყველა მის მეზობელთან და რომ ეს ურთიერთობები დაეფუძნება თანასწორობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების ურთიერთპატივისცემას“.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 10 დეკემბერს პოსტსაარჩევნოდ რუსეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს „დიდი პროცესის დასაწყისია“, რაც ბოლოს მოუღებს „უსამართლო სისტემას, რომელიც იქ არსებობს“.