ახალი ამბები

კოკოითმა თანამდებობა დატოვა

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი თანამდებობიდან გადადგა,  იტყობინებიან ადგილობრივი და რუსული საინფორმაციო სააგენტოები.

მან თავისი უფლებამოსილებები პრემიერ–მინისტრს ვადიმ ბროვცევს გადასცა, რომელიც რეგიონს 11 დეკემბრიდან მარტის არჩევნების შედეგად ახალი ლიდერის მიერ ფიცის დადების მომენტამდე, გარდამავალ პერიოდში უხელმძღვანელებს. ვადიმ ბროვცევი ცხინვალის რეგიონის მკვიდრი არ არის და იქ რუსეთმა გააგზავნა 2009 წლის გაზაფხულზე მთავრობის ხელმძღვანელის რანგში.

“მე მივდივარ, რომ ვიბრძოლო საზოგადოების შემდგომი კონსოლიდაციისთვის და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის “, – განაცხადა კოკოითმა საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თავისი გადაწყვეტილების გამოცხადებისას. 

მან ასევე განაცხადა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ მოახერხა "ნარინჯისფერი რევოლუციის"  და მმართველობაში კრიმინალის მოსვლის თავიდან აცილება.

კოკოითი სეპარატისტულ რეგიონს 2001 წლიდან მართავდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მეორე და უკანასკნელი საპრეზიდენტო ვადა 7 დეკემბერს ამოიწურა, ის გადადგომას არ აპირებდა და გეგმავდა ლიდერად დარჩენას 2012 წლის მარტამდე, როცა რეგიონში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული.

თუმცა 9 დეკემბერს რუსეთის შუამავლობით ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მას გადადგომა მოუწია. ცხინვალში შუამავლის რანგში 30 ნოემბრიდან კრემლის ოფიციალური წარმომადგენელი სერგეი ვინოკუროვი იმყოფებოდა და მხარეებთან მოლაპარაკებათა სერიებს მართავდა.

"სამხრეთ ოსეთი ყოველთვის იყო და იქნება დიდ რუსეთთან", – განაცხადა კოკოითმა, "რუსეთი – ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ ოსეთისთვის და ჩვენ არავის მივცემთ უფლებას გააფუჭოს ჩვენი ურთიერთობები".

გადადგომამდე კოკოითმა რიგი საკადრო გადაწყვეტილებები გაატარა. მან მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილედ მილიციის სპეცდანიშნულების რაზმის ე.წ. „ომონის“ მეთაური მერაბ ფუხაევი დანიშნა.

მანამდე, ასევე ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ედუარდ კოკოითმა ხელი მოაწერა დოკუმენტებს გენერალური პროკურორის თეიმურაზ ხუგაევისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის აცამაზ ბიჩინოვის თანამდებობებიდან გათავისუფლების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებებს პარლამენტი თანხმობა ესაჭიროება. თანამდებობიდან გათავისუფლდა ასევე გენპროკურორის მოადგილე ელდარ კოკოევიც.

შეთანხმებით, რომლის შესრულების გარანტორის როლშიც რუსეთი გამოდის, 27 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გაბათილებული მეორე ტურის შემდეგ რეგიონში დაწყებული პოსტ–საარჩევნო კრიზისი, რომლის ფარგლებშიც ოპოზიციური კანდიდატის ალა ჯიოევას მხარდამჭერები პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავდნენ ცხინვალის ცენტრში, დასრულდა. არჩევნებში ალა ჯიოევამ კრემლის ფავორიტი ანატოლი ბიბილოვი ხმათა 16%–იანი უპირატესობით დაამარცხა. შეთანხმების შედეგად, ჯიოევამ მოიპოვა უფლება, რომ 25 მარტს განმეორებით არჩევნებში კვლავ იყაროს კენჭი.

გადადგომამდე კოკოითმა მმართველი პარტიის „ერთობის“ წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა, სადაც „დაშვებული შეცდომების გაანალიზების“ საჭიროებაზე და პარტიის შემდგომი განვითარების პერსპექტივაზე  გაამახვილა ყურადღება.

 

მსგავსი/Related

Back to top button