ახალი ამბები

ჯიოევამ და კოკოითმა არჩევნების შემდგომი კრიზისის დასასრულებლად შეთანხმებას მიაღწიეს

  • კოკოითი და მისი მთავარი მოკავშირეები გადადგებიან;
  • ჯიოევას განმეორებით არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა;
  • პრემიერ–მინისტრი არჩევნებამდე რეგიონის დროებითი ლიდერი გახდება;
  • რუსეთი ამ გარიგების „გარანტორის“ როლში გამოდის.

საპროტესტო აქციების მეათე დღეს ოპოზიციამ და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ პარასკევს ღამით ხელი მოაწერეს რუსეთის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას არჩევნების შემდგომი კრიზისის დასრულების მიზნით, რომელიც 27 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატის ალა ჯიოევას კრემლის ფავორიტზე ანატოლი ბიბილოვზე გამარჯვების გაბათილებას მოჰყვა.

ადგილობრივი და რუსული მედია საშუალებები იტყობინებიან შეთანხმებაზე დაყრდნობით, რომ სეპარატისტული რეგიონის ლიდერი ედუარდ კოკოითი თანამდებობას შაბათს დატოვებს; მისი გუნდის წევრები, მათ შორის პროკურორი თეიმურაზ ხუგაევი, მისი მოადგილე ელდარ კოკოევი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცამაზ ბიჩინოვი ასევე გადადგებიან დაკავებული თანამდებობებიდან.

კოკოითი მისი გადადგომის წინააღმდეგი იყო, როცა 8 დეკემბერს აცხადებდა, რომ ის საპროტესტო აქციების მონაწილეთა მხრიდან ზეწოლას არ დაემორჩილებოდა. კოკოითი, რომლის მეორე და უკანასკნელი საპრეზიდენტო ვადა 7 დეკემბერს ამოიწურა, ხელისუფლებაში დარჩენას 2012 წლის მარტამდე, განმეორებითი არჩევნების ჩატარებამდე აპირებდა.

განმეორებითი არჩევნები 25 მარტს არის დანიშნული და ჯიოევას მასში მონაწილეობის უფლება მიეცემა, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად.

ეს თარიღი სეპარატისტული რეგიონის პარლამენტმა ცოტა ხანში დანიშნა მას შემდეგ, რაც იმავე დღეს უზენაესმა სასამართლომ არჩევნების მეორე ტური ბათილად გამოაცხადა. იმავე გადაწყვეტილებით ჯიოევას აეკრძალა განმეორებით არჩევნებში მონაწილეობა იმ მოტივით, რომ არჩევნების გაბათილება მისი მომხრეების უკანონო ქმედებებმა განაპირობა. ჯიოევა მისი გამარჯვების დაცვას ცდილობდა აცხადებდა რა, რომ ის უკანონო განმეორებით არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა. მისი მომხრეები ჯიოევას საპრეზიდენტო ინაუგურაციას 10 დეკემბრისთვის გეგმავდნენ.

შეთანხმების თანახმად, დე ფაქტო პრემიერ–მინისტრი ვადიმ ბროვცევი სეპარატისტული რეგიონს დროებით უხელმძღვანელებს განმეორებითი არჩევნების ჩატარებამდე. ოპოზიციის წარმომადგენელი კი მის მოადგილედ დაინიშნება.

ამ შეთანხმების შესახებ  ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარასკევს ღამით გამოაცხადეს კოკოითთან და კრემლის ოფიციალურ წარმომადგენელთან სერგეი ვინოკუროვთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ცხინვალში 30 ნოემბრიდან იმყოფება.

რუსეთი გამოვა შეთანხმების შესრულების „გარანტორის“ როლში, იტყობინება სეპარატისტული ხელისუფლების ახალი ამბების სააგენტო „რესი“. 

მსგავსი/Related

Back to top button