ახალი ამბები

2012 წლის ბიუჯეტის ძირითადი მონაცემები

პარლამენტმა დღეს 86 ხმით 3–ის წინააღმდეგ 2012 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის საბოლოო ვარიანტიც განსხვავდება თავდაპირველად წარდგენილ და შემდგომში გადამუშავებული პროექტებისგან.

შედეგად, მომავალ წლის ბიუჯეტის შემოსავლები 6.839 მლრდ ლარით, ხოლო ხარჯები – 6.528 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც წლევანდელ პარამეტრებს, დაახლოებით, 368 და 500 მლნ ლარით აღემატება, შესაბამისად.

საშემოსავლო გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი მომავალ წელს 6.3 მლრდ ლარით განისაზღვრა, ხოლო გრანტების მოცულობა  – 239 მლნ ლარით.

მომდევნო წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%–ია, რაც წლევანდელ მაჩვენებელზე 1%–ით ნაკლებია. 2012 წლისთვის ინფლაციის 6%–იანი დონე არის გათვალისწინებული.  მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზი 26.430 მლრდ ლარს შეადგენს; მშპ–ს მიმართ საბიუჯეტო დეფიციტი წლევანდელი 3.7%-დან 3.6%-მდე, ხოლო სახელმწიფო ვალის მოცულობა 39.7%-დან 38.3%-მდე მცირდება.

წინა პროექტებთან შედარებით ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში არსებული ცვლილებები ნაწილობრივ უკავშირდება მომავალი საარჩევნო წლის სექტემბრიდან საპენსიო პაკეტის მატებასთან დაკავშირებით მთავრობის გეგმებს.

ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის თანახმად,  1 სექტემბრიდან 67 წლამდე პენსიონერების „საპენსიო პაკეტი“, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის დაზღვევის 15–ლარიან ვაუჩერს, განისაზღვრება 125 ლარის, ხოლო 67 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის – 140 ლარის ოდენობით; პენსიონერების პარალელურად სახელმწიფოსგან ჯანმრთელობის დაზღვევას მიიღებენ 6 წლამდე ბავშვები და პირველი კატეგორიის ინვალიდები.

2012 წელს სამინისტროები ბიუჯეტიდან შემდეგი ოდენობის დაფინანსებას მიიღებენ:

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 1.772 მლრდ ლარი (2011 წ – 1.685 მლრდ ლარი);
  • თავდაცვის სამინისტრო – 675 მლნ ლარი (2011 წ – 711 მლნ ლარი; 2010 წ – 728 მლნ ლარი);
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 585.2 მლნ ლარი (2011 წ – 568 მლნ ლარი; 2010 წ – 549.2 მლნ ლარი);
  • ფინანსთა სამინისტრო  – 111.7 მლნ ლარი (2011 წ – 228.8 მლნ ლარი);
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 172. 3 მლნ ლარი (2011 წ – 162.3 მლნ ლარი);
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 968.3 მლნ ლარი (2011 წ – 806 მლნ ლარი);
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო  – 290.3 მლნ ლარი (2011 წ – 248.8 მლნ ლარი);
  • იუსტიციის სამინისტრო – 74 მლნ ლარი (2011 წ – 74.5 მლნ ლარი);
  • სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო – 120 მლნ ლარი  (2011 წ – 112.3 მლნ ლარი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – 76 მლნ ლარი (2011 წ – 73.2 მლნ ლარი);
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 595 მლნ ლარი (2011 წ – 561.1 მლნ ლარი);
  • კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 81.5 მლნ ლარი (2011 წ – 60.9 მლნ ლარი);
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო –  50 მლნ ლარი (2011 წ – 40 მლნ ლარი);
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 119.9 მლნ ლარი (2011 წ – 86 მლნ ლარი);
  • გარემოს დაცვის სამინისტრო – 17.5 მლნ ლარი (2011 წ – 14.4 მლნ ლარი);
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 34.8 მლნ ლარი (2011 წ – 44.1 მლნ ლარი);
  • რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.3 მლნ ლარი (2011 წ – 1.2 მლნ ლარი);
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 2. მლნ ლარი (2011 წ – 2.2  მლნ ლარი);
  • დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი –  850 ათასი ლარი (2011 წ – 838 ათასი ლარი).

მომავალ წელს, როცა პარლამენტის არჩევნები უნდა გაიმართოს, დაახლოებით სამჯერ გაიზრდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება და ის 41.6 მლნ ლარი იქნება.

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებზე მომავალი წლისთვის 513.4 მლნ ლარი დაიხარჯება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 297 მლნ ლარით, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია –  192.9 მლნ ლარით, ხოლო სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა 106.5 მლნ ლარით (2011 წელს 40 მლნ ლარია გამოყოფილი) დაფინანსდება.

ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის ცენტრალურ ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერი 819.9 მლნ ლარს შეადგენს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება წელს არსებული 45 მლნ ლარიდან 49.6 მლნ ლარამდე იზრდება, 2012 წლის ბიუჯეტის პროექტში თავდაპირველად გათვალისწინებული 28.2 მლნ ლარამდე კლების ნაცვლად.  2011 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის, დაახლოებით, ნახევარი რუსულენოვანი არხისთვის იყო გამოყოფილი.

ბიუჯეტის მიღებას პარლამენტში წარმოდგენილმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა მხარი არ დაუჭირეს.

Back to top button