
სააკაშვილი: ‘რუსეთს არ აქვს იმის რესურსები, რომ ოკუპირებული ტერიტორიები შეინარჩუნოს’
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ „მყარად დამკვიდრებული“ ტერმინები „ოკუპაცია“ და „ეთნიკური წმენდა“ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში მოსკოვისთვის უდიდეს თავისტკივილს წარმოადგენს, რომელსაც „არ აქვს იმის რესურსები, რომ ოკუპირებული ტერიტორიები შეინარჩუნოს“.
„მნიშვნელოვანია, რომ მყარად დამკვიდრდა ევროპულ ტერმინოლოგიაში სიტყვა „ოკუპაცია“ და სიტყვა „ეთნიკური წმენდა“ იმიტომ, რომ ეთნიკური წმენდის დამკვიდრება ნიშნავს იმას, რომ ვერასოდეს ვერავინ ვერ დაიკანონებს ჩვენ მიტაცებულ სახლებს, ეზოებს, სოფლებს, გამოყრილი ხალხის ქონებას. ეს ნიშნავს, რომ ეს ქონება დაბრუნდება და მეორე, სიტყვა ოკუპაცია ნიშნავს, რომ ის ყოველთვის მთავრდება დეოკუპაციით“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან ეს განცხადება ქართულ მედიასთან 7 დეკემბერს მარსელში ევროპის ხალხთა პარტიის ყრილობაზე გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
„არა აქვს დღევანდელ რუსეთს იმის რესურსები, რომ ოკუპირებული ტერიტორიები შეინარჩუნოს; საერთოდ რა მდგომარეობაშია რუსეთი ყველა კარგად ვუყურებთ ამ დღეებში; პრაქტიკულად ძალიან შერყეულია“, – განაცხადა მან.
მარსელში ყრილობაზე გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ცხინვალში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა „დაგვანახა, რომ წარსულის მეთოდები და ენა უბრალოდ აღარ მუშაობს“.
„მე ბევრს ვმოგზაურობ პოსტ–საბჭოთა ქვეყნებში და შემიძლია გითხრათ: არანაირ შემთხვევაში ისინი ახალ საბჭოთა კავშირს არ დათანხმდებიან არანაირი ფორმით, არანაირი სახელწოდებით და არანაირი საბაბით“, – განაცხადა სააკაშვილმა.