ახალი ამბები

ოპოზიცია ცხინვალში ხელისუფლებას ‘რეპრესიებში’ ადანაშაულებს

ოპოზიციამ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ხელისუფლება ალა ჯიოევას მომხრეების წინააღმდეგ „რეპრესიების“ დაწყებაში დაადანაშაულა.

ჯიოევას ორი მხარდამჭერი 6 დეკემბერს ცხინვალში დააკავეს, როგორც ადგილობრივმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა განაცხადეს, იარაღის უკანონო შენახვის გამო.

ჯიოევამ უთხრა მხარდამჭერებს, რომლებიც 30 ნოემბრიდან ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქციას მართავენ, რომ ბრალდებები გამოგონილია. „არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ხელისუფლება რეპრესიებს შეწყვეტს“, – განაცხადა მან.

სამშაბათს ასევე ცნობილი გახდა, რომ ჯიოევას სამი მომხრე ვლადიკავკაზში დააკავეს. ერთ–ერთი მათგანი სოსლან კოკოევი, რომელიც ვლადიკავკაზში ჯიოევას მხარდამჭერი აქტივისტების ჯგუფს ხელმძღვანელობს, რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს.

იმავდროულად, სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელმა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა, რომლის გადადგომასაც ოპოზიცია ითხოვს, განაცხადა 6 დეკემბერს, რომ შემდგომი დესტაბილიზაციის და სამოქალაქო დაპირისპირების რისკი „მაღალია“. მან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების პატივისცემისკენ მოუწოდა. სასამართლომ 6 დეკემბერს ძალაში დატოვა თავისი წინა გადაწყვეტილება, რომლითაც 27 ნოემბრის მეორე ტურის შედეგები გაბათილდა.

მსგავსი/Related

Back to top button