ახალი ამბები

ცხინვალის სასამართლომ არჩევნების შედეგების გაუქმებაზე გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ დღეს ძალაში დატოვა თავისი ადრინდელი გადაწყვეტილება, რომლითაც 27 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები გაბათილდა.

ოპოზიციური კანდიდატი ალა ჯიოევა, რომელმაც მეორე ტურში გაიმარჯვა, უზენაეს სასამართლოს თავისი ადრინდელი გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით მიმართა.

იმავდროულად, დღეს გამთენიისას სეპარატისტული რეგიონის მთავარი პროკურორის თეიმურაზ ხუგაევის სახლს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი ესროლეს. ხუგაევი სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი ლიდერის ედუარდ კოკოითის ახლო მოკავშირეა. ნაღმი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით RPG-26 ტიპის ნაღმტყორცნიდან იქნა გამოსროლილი ხუთსართულიანი სახლის მეორე სართულს მოხვდა; ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლებამ ინციდენტი ცხინვალში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ოპოზიციის საპროტესტო აქციებს დაუკავშირა.

„ეს კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა, რომელიც სამხრეთ ოსეთში სიტუაციის აფეთქებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა კოკოითმა.

ალა ჯიოევას თქმით, ეს „პროვოკაცია“ ხელისუფლების დადგმულია, რომლის მიზანიც ოპოზიციის „დისკრედიტაციაა“. 

Back to top button