
ევროკავშირი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს
ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან და მოლდოვასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკებები დაიწყოს, ნათქვამია ევროკავშირის 5 დეკემბრის პრეს–რელიზში.
„ჩვენ გვსურს დავამყაროთ სტაბილური და მყარი ახლო ეკონომიკური კავშირების ჩარჩო საქართველოსთან და მოლდოვასთან“, – განაცხადა ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში კარელ დე გიუხტმა.
მოლაპარაკებები, რომლის პირველი რაუნდიც 2012 წლის დასაწყისისთვის არის ნავარაუდევი, ვაჭრობისა და ეკონომიკური საკითხების ფართო სპექტრს მოიცავს, რათა მიღწეულ იქნას ახლო ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან.
“მოლდოვამ და საქართველომ მიაღწიეს საკმარის პროგრესს საჭირო რეფორმების თვალსაზრისით და შეასრულეს წაყენებული პირობები“, – განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ.
ევროკავშირი აცხადებს, რომ ორივე ქვეყანას ესაჭიროება, რომ განაგრძოს მუშაობა თავიანთი საკანონმდებლო ბაზის სტაბილურობის, გამჭირვალობის და განჭვრეტადობის უზრუნველსაყოფად.
ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ასოცირებულ შეთანხმებაზე საქართველოსთან 2010 წლის ივლისიდან მიმდინარე მოლაპარაკებების ნაწილი იქნება. საქართველო იმედოვნებს, რომ გაზაფხულიდან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების თაობაზეც დაიწყებს მოლაპარაკებებს.