ახალი ამბები

მედვედევი: ‘არ მომწონს, რომ ისინი ერთმანეთს დაერივნენ სამხრეთ ოსეთში’

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა ორშაბათს, რომ მოსკოვს ცხინვალისთვის პოსტ–საარჩევნო კრიზისის მოგვარებაში დახმარება მხოლოდ იქ შუამავლების გაგზავნით შეუძლია, თუმცა დავის მოგვარება მხარეებზეა დამოკიდებული.

„სამხრეთ ოსეთში სიტუაცია შიდა წესებით ვითარდება; მე სულაც არ მომწონს, რომ იქ ერთმანეთს დაერივნენ. ეს, რა თქმა უნდა, ხდება ხოლმე, განსაკუთრებით პატარა ტერიტორიულ წარმონაქმნებში. იქ ამ პროცესის სულ რამდენიმე მონაწილეა, რომლებიც სხვადასხვა კლანებს წარმოადგენენ, რომლებიც პერიოდულად ჩხუბობენ“, – იტყობინებიან რუსული მედია საშუალებები მედვედევის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც ეს განცხადება გორკის სახელობის რეზიდენციაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გააკეთა.

„იმაზე, თუ როგორ მართონ ქვეყანა, ისინი თავად უნდა შეთანხმდნენ – ჩვენ ვაღიარეთ საერთაშორისო–სამართლებრივი სუბიექტი სამხრეთ ოსეთში. ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ მათ დავეხმაროთ ჩვენი შუამავლების მეშვეობით. ამას, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ, მაგრამ თვითონ უნდა მოილაპარაკონ და გააცნობიერონ პასუხისმგებლობა ამ პატარა, მაგრამ ამაყი ხალხის ბედზე, რათა შემდეგ არა მოსკოვისკენ გაიშვირონ ხელი, არამედ თავად მიიღონ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან“, – განაცხადა მედვედევმა.

მოსკოვმა ცხინვალში 27 ნოემბრის მეორე ტურის შემდგომი კრიზისის მოსაგვარებლად კრემლის წარმომადგენელი გაგზავნა. მეორე ტურში კრემლის მიერ ღიად მხარდაჭერილი კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი ოპოზიციურმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ დაამარცხა. თუმცა, მეორე ტურის შედეგები სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლებამ გააუქმა, ხოლო განმეორებითი არჩევნები 2012 წლის 25 მარტს დაინიშნა. ამ ფაქტს ოპოზიციის საპროტესტო აქციები მოყვა.

სერგეი ვინოკუროვი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონალურ და კულტურულ ურთიერთობებს კურირებს, ცხინვალში 30 ნოემბრიდან იმყოფება. ჯიოევას მხარდამჭერებმა ღიად დაადანაშაულე იგი იმაში, რომ ის შუამავლობის ნაცვლად ხელისუფლებას უდგას გვერდით.

5 დეკემბერს სეპარატისტული რეგიონის საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იტყობინებოდა, რომ მომიტინგეებმა რუსეთის ხელმძღვანელობის სახელზე მიმართვა მოამზადეს, სადაც სთხოვენ მათ ყურადღება მიაქციონ რუსეთის ზოგიერთი ოფიციალური პირის როლს, რომლებიც „ხელისუფლების უკანონო ქმედებებს ემხრობიან“ და რომელთაც „არ სურთ მოუსმინონ და გაიგონ რეალური ვითარება“.

„რესპუბლიკის ხელისუფლების უკანონო ქმედებების მხარდაჭერა, რომელთაც დემონსტრაციულად უგულებელყვეს კონსტიტუცია და რომელთაც ხალხის ნდობა დაკარგეს, შეშფოთებას იწვევს და სხვადასხვა საერთაშორისო ძალებს რევანშის საბაბს აძლევს, რაც არც რუსეთის და არც სამხრეთ ოსეთის ინტერესებში არ შედის“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელიც დასძენს, რომ „ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ სიტუაცია ობიექტურად შეფასდეს“.

„ჩვენმა ხალხმა არ დაიმსახურა ასეთი უსამართლო მოპყრობა, რომლის დემონსტრირებასაც დღეს მოსკოვის წარმომადგენლები ახდენენ“, – ნათქვამია მიმართვაში, რომლის თანახმადაც ეს წარმომადგენლები ცდილობენ დრო მოიგონ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების სასარგებლოდ.

იმავდროულად, სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელმა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა 5 დეკემბერს, რომ ოპოზიცია "ნარინჯისფერი რევოლუციის" მოწყობას ცდილობს.

„ეს აქ არ იმუშავებს“, – განაცხადა კოკოითმა, „ულტიმატუმებს და მუქარებს არანაირი შედეგი არ ექნება“.

ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ სეპარატისტული რეგიონის უზენაესი სასამართლო ალა ჯიოევას სარჩელის განხილვას 6 დეკემბერს დაიწყებს.

30 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რუსეთის საგარეო უწყებამ ცხინვალის პოლიტიკურ ძალებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების „პატივისცემისკენ“ მოუწოდა, რომლითაც მეორე ტურის შედეგები გაბათილდა. 

მსგავსი/Related

Back to top button