ახალი ამბები

კრემლის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების პარალელურად ცხინვალში აქცია გრძელდება

მომიტინგეები ცხინვალის ცენტრში უკვე მესამე ღამეა ფხიზლობენ და ცივ ღამეებს კოცონთან ატარებენ იმ დროს, როდესაც ოპოზიციური კანდიდატის ალა ჯიოევას მხარდამჭერები კრემლის წარმომადგენელთან მოლაპარაკებებს განაგრძობენ.

შაბათს დღისით, მოლაპარაკებების დაწყებამდე, ჯიოევას ერთ–ერთმა მთავარმა მოკავშირემ, ანატოლი ბარანკევიჩმა უთხრა მთავრობის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს, რომ ოთხი საკითხი არსებობს, რომლებზეც ისინი ყურადღების გამახვილებას აპირებენ მოლაპარაკებების დროს. მისი თქმით, მთავარი მოთხოვნაა 27 ნოემბრის მეორე ტურის შედეგების კანონიერად აღიარება. დანარჩენი სამი მოთხოვნაა სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი ლიდერის ედუარდ კოკოითის და რამდენიმე სხვა ოფიციალური პირის, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და მთავარი პროკურორის, გადადგომა; პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ჯიოევას, როგორც ახალი ლიდერის, ინაუგურაციის დღის გამოცხადება.

კრემლის წარმომადგენელთან სერგეი ვინოკუროვთან შეხვედრამდე, რომელიც ცხინვალში 30 ნოემბრიდან იმყოფება, ბარანკევიჩმა მომიტინგეებს კვირას საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა, რათა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა. სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელთა უმეტესობას რუსული პასპორტები აქვთ და მათ რუსეთის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ.

2 დეკემბერს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯიოევას მხარდამჭერები ამ არჩევნებში მონაწილეობისგან თავს იკავებდნენ.

თუმცა ბარანკევიჩმა განაცხადა 3 დეკემბერს, რომ რუსეთის არჩევნებში მონაწილეობა იმის მაჩვენებელი იქნება, რომ „რუსეთის გვერდით ვდგავართ“. მან მხარდამჭერებს ისიც კი მოუწოდა, რომ რუსეთის მმართველი პარტიისთვის მიეცათ ხმა.

მან ასევე მოუწოდა მომიტინგეებს, კვირას დიდი რაოდენობით მისულიყვნენ აქციაზე და განაცხადა, რომ წარმატება დიდად იქნებოდა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად „აქტიურები“ იქნებოდნენ ჯიოევას მხარდამჭერები თავისი უფლებების დაცვის საქმეში.

შაბათს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ბარანკევიჩმა კრემლის წარმომადგენელთან მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა. გავრცელებული ინფორმაციით, ალა ჯიოევა ავად გახდა და ვერც მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა და ვერც კვირის აქციაზე.

მოლაპარაკებების შემდეგ ბარანკევიჩმა შეხვედრას „უფრო წარმატებული“ უწოდა, ვიდრე წინა შეხვედრებს. მან დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები კვირას გაგრძელდებოდა. მან ასევეგანაცხადა, რომ ორშაბათს იგეგმება სასამართლოს მოსმენა ჯიოევას სარჩელზე, რომლითაც ეს უკანასკნელი უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც 27 ნოემბრის მეორე ტურის შედეგები გაბათილდა.

ბარანკევიჩი სამხრეთ ოსეთის მკვიდრი არ არის; რუსეთის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი და ავღანეთში საბჭოთა ომის და ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, ბარანკევიჩი სეპარატისტულ რეგიონში 2004 წელს გააგზავნეს, სადაც მან თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბარანკევიჩი სეპარატისტული რეგიონის ეროვნული უშიშრობის საბჭოს მდივანი იყო და პირადად იყო ჩართული საბრძოლო ოპერაციებში ცხინვალში. მას კოკოითთან უთანხმოება ჰქონდა და ომიდან მალევე რეგიონი დატოვა. მან კოკოითს კორუფციაში დასდო ბრალი. გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის დატოვების შემდეგ იგი თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჯამბულატ თედეევს დაუახლოვდა, რომელიც კოკოითის მწვავე ოპონენტია. თავად თედეევს არჩევნებში მონაწილეობა  იმ მოტივით აეკრძალა, რომ მას 10 წლის მანძილზე არ უცხოვრია სეპარატისტულ რეგიონში. ამის შემდეგ, თედეევმაც და ბარანკევიჩმა თავიანთი მხარდაჭერა ჯიოევას გამოუცხადეს. 

 

მსგავსი/Related

Back to top button