ახალი ამბები

ცხინვალში საპროტესტო აქციები გრძელდება

ორშაბათს ოპოზიციის საპროტესტო აქციის მეექვსე დღე გაგრძელდა, რადგანაც ალა ჯიოევას და კრემლის წარმომადგენელს შორის კვირას გამართული მოლაპარაკებების შედეგად რაიმე გარღვევა არ მომხდარა.

ალან პლიევმა, ჯიოევას ოთხი მოკავშირიდან ერთ–ერთმა, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობს, განაცხადა, რომ კვირის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

სერგეი ვინოკუროვმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონალურ და კულტურულ ურთიერთობებს კურირებს, განაცხადა, რომ მას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის „შუამავლის“ როლი აკისრია.

„ჩემი როგორც შუამავლის როლია განვმუხტო დაძაბულობა და დავეხმარო მხარეებს მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას; ჯერჯერობით ამაში წარმატებას ვაღწევთ“, – იტყობინება „ინტერფაქსი“ ვინოკუროვის სიტყვებზე დაყრდნობით. კრემლის წარმომადგენელმა, რომელიც ცხინვალში 30 ნოემბრიდან იმყოფება, ეს განცხადება შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ჯიოევას მოკავშირეებმა აღნიშნეს, რომ კრემლის წარმომადგენელმა მათ განუცხადა, რომ ჯიოევას სარჩელზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდონ. ჯიოევა სასამართლოს ადრინდელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც 27 ნოემბრის მეორე ტურის შედეგები გაბათილდა. თუმცა, ოპოზიცია შიშობს, რომ სასამართლო საკასაციო სარჩელის განხილვის გაჭიანურებას ეცდება.

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელმა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა, რომლის დაუყონებლივ გადადგომა ოპოზიციის მოთხოვნებს შორისაა, განაცხადა, რომ ხელისუფლება არ უნდა დაემორჩილოს ოპოზიციის ულტიმატუმებს.

კვირას საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვაში, რომელიც აქციაზე იქნა წაკითხული, მომიტინგეებმა კრიზისის მოგვარებაში მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

„სამხრეთ ოსეთის ხალხი მოგმართავთ თხოვნით დაუყონებლივ ჩაერიოთ მიმდინარე მოვლენებში სიტუაციის სტაბილიზაციის და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით… საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირების დაგვიანების შემთხვევაში, შესაძლოა, კიდევ ერთი ტრაგედია მოხდეს. მთელი ხალხის და თითოეული ადამიანის თავისუფალი არჩევანის უფლება უცვლელ ღირებულებას წარმოადგენს, რომლით მანიპულირებაც შეუძლებელია“, – იტყობინებიან ადგილობრივი და რუსული საინფორმაციო სააგენტოები მიმართვის ტექსტზე დაყრდნობით. მასში ასევე ნათქვამია, რომ პოსტ–საარჩევნო კრიზისმა „შესაძლოა მთელი კავკასიის დესტაბილიზაცია მოახდინოს“.

4 დეკემბერს სეპარატისტული რეგიონის ამომრჩევლებმა, რომელთა უმრავლესობასაც რუსული პასპორტები აქვთ, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ერთი დღით ადრე ოპოზიციამ თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და რუსეთის მმართველი პარტიისთვის მიეცათ ხმა იმის საჩვენებლად, რომ მომიტინგეები „რუსეთის გვერდით დგანან“.

4 დეკემბერს მიტინგის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი ალა ჯიოევას „საპრეზიდენტო ინაუგურაციის“ გამართვას 10 დეკემბერს აპირებენ.

ცხინვალის ცენტრში შეკრებილი მომიტინგეები ზამთრის ცივ ღამეებს კასრებში დანთებულ ცეცხლთან ატარებენ. მთავრობის შენობის წინ დაბანაკებული მომიტინგეები პირობას დებენ, რომ მანამ არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მსგავსი/Related

Back to top button