ახალი ამბები

თბილისი გმობს თეირანში დიდი ბრიტანეთის საელჩოზე „ვანდალურ“ თავდასხმას

თბილისი „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოთქვამს 29 ნოემბერს თეირანში დიდი ბრიტანეთის საელჩოზე  „ვანდალური" თავდასხმის გამო და მოუწოდებს ირანის ხელისუფლებას უზრუნველყოს დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოება.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სურს შეუერთდეს საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას ირანის ხელისუფლების მიმართ, რათა ირანულმა მხარემ უზრუნველყოს ქვეყანაში წარმოდგენილი ყველა დიპლომატიური მისიისა და საკონსულო დაწესებულების ქონებისა და პერსონალის უსაფრთხოება. ამასთანავე, მართლმსაჯულებას გადასცეს ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თეირანში დიდი ბრიტანეთის საელჩოზე განხორციელებულ თავდასხმაზე“, – ნათქვამია სამინისტროს 2 დეკემბრის განცხადებაში.

საელჩოზე ასობით ირანელი სტუდენტების თავდასხმის შედეგად, დიდმა ბრიტანეთმა მისი დიპლომატიური წარმომადგენლობის ევაკუაცია მოახდინა, ხოლო საელჩო დახურა. საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ნიდერლანდებმა პროტესტის ნიშნად თავიანთი ელჩები გაიწვიეს თეირანიდან. 

ლონდონმა, რომელიც ეჭვს გამოთქვამს, რომ „სტუდენტების“ თავდასხმის უკან ირანის ხელისუფლება დგას, ირანის ელჩი ქვეყნიდან გააძევა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სინანული გამოთქვა "რამოდენიმე მიუღებელი საქციელის გამო ზოგიერთი დემონსტრანტის მხრიდან".

 

Back to top button