ახალი ამბები

აქციის მონაწილეებმა ცხინვალში ღამე ფხიზლად გაატარეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ცხინვალის ცენტრში მეორე ღამე ფხიზლად გაატარეს, ვინაიდან პარასკევს პოსტ–საარჩევნო კრიზისში რაიმე გარღვევა არ მომხდარა.

ოპოზიციური კანდიდატის ალა ჯიოევას მომხრეები მთავრობის შენობის წინ არიან დაბანაკებულები, ხოლო უშიშროების ძალებს შენობა აქვთ გარშემორტყმული.

პარასკევს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი ლიდერი ედუარდ კოკოითი იმ კანდიდატებს შეხვდა, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ. მათ შორის იყოს კრემლის მიერ ღიად მხარდაჭერილი კანდიდატი, ანატოლი ბიბილოვი. შეხვედრაზე ჯიოევაც იყო მიწვეული, თუმცა არ დასწრებია.

ბიბილოვმა, რომელიც მეორე ტურის შემდეგ ნაკლებად ჩნდება, განაცხადა, რომ „ყველას ესმის, რომ არსებული სიტუაცია ჩიხია და ყველა უნდა ეცადოს გამოსავლის ძიებას“.

ცხინვალიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარასკევს კრემლის წარმომადგენელმა, რომელიც ცხინვალში პოსტ–საარჩევნო დავის მოსაგვარებლად გააგზავნეს, მოლაპარაკებები განაგრძო სხვადასხვა პოლიტიკურ ფიგურებთან. სერგეი ვინოკუროვი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონალურ და კულტურულ ურთიერთობებს კურირებს.

თუმცა, როგორც ჯიოევას ერთ–ერთმა მოკავშირემ და სეპარატისტული რეგიონის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა, ანატოლი ბარანკევიჩმა განაცხადა, ვინოკუროვთან შემდგომი მოლაპარაკებების გაგრძელებას „აზრი არ აქვს“.  

„მისი ქმედებები მხოლოდ შემდგომ დესტაბილიზაციას იწვევს… იგი ერთადერთი პოზიციით ჩამოვიდა ცხინვალში – არ მისცეს ჯიოევას საშუალება პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს“, – იტყობინება „იტარ–ტასი“ ბარანკევიჩის სიტყვებზე დაყრდნობით 2 დეკემბერს.

ასევე 2 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯიოევას მომხრეები თავს იკავებენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კვირას ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობის მიღებისგან. სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელთა უმეტესობას რუსული პასპორტები აქვთ და რუსეთის არჩევნებში მონაწილეობის უფლებით სარგებლობენ.

„ეს [სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ბოიკოტირება] ჩემი პოზიცია არ არის, თუმცა ჩემს მხარდამჭერებს შორის ასეთი პოზიცია არსებობს“, – განუცხადა ჯიოევამ „რია ნოვოსტის“, „ბევრი მათგანი მტკიცედ აცხადებს, რომ არანაირ არჩევნებში აღარ მიიღებენ მონაწილეობას… ვწუხვარ ამის გამო“.

სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელმა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ამომრჩევლებს სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ არჩევნების ბოიკოტირების მოწოდებები „პროვოკაციაა“, იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“. რუსეთის საპარლამენტო არჩევნებისთვის სეპარატისტულ რეგიონში ხუთი საარჩევნო უბანი გაიხსნება.       

 

Back to top button