ახალი ამბები

წლიური ინფლაცია ნოემბერში 1.9%–მდე შემცირდა

„საქსტატმა“ განაცხადა 1 დეკემბერს, რომ 2011 წლის ნოემბერში 2010 წლის ნოემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.9% შეადგინა. ოქტომბერში წლიური ინფლაცია 2.3%–ს შეადგენდა.

„საქსტატმა“ ასევე აღნიშნა, რომ 2011 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0.7% შეადგინა.

საქართველოს წლიურმა ინფლაციამ კლება ივნისიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც მაისში მისმა მაჩვენებელმა 14.3%–ს მიაღწია.

საწვავისა და ტრანსპორტის ფასები წლიური ინფლაციის განმსაზღვრელი მიმართულებები იყო ნოემბერში, როდესაც სატრანსპორტო მომსახურების ფასები 24.3%–ით (იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა ოქტომბერში), ხოლო საწვავის ღირებულება 14.6%–ით გაიზარდა (14.1% ოქტომბერში).

საკვების და უალკოჰოლო სასმელების ფასების კლებამ ნოემბერში 0.2% შეადგინა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით;  თუმცა, ფასების ზრდა დაფიქსირდა ხორცზე (21.5%); შაქარზე (7.3%) და რძის პროდუქტებზე (5.5%).

Back to top button