ახალი ამბები

მოსკოვი ‘შეშფოთებულია’ ცხინვალში არჩევნების შემდგომი დაძაბულობის გამო

30 ნოემბერს გავრცელებულ მეორე განცხადებაში, რომელიც სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებს ეხება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი შეშფოთებულია დაძაბულობის გამო, თუმცა ცხინვალის შიდა საქმეებში ჩარევას არ აპირებს.

იმავდროულად, რუსული მედია წყაროები იტყობინებიან, რომ კრემლმა ცხინვალში თავისი მაღალი რანგის წარმომადგენელი გაგზავნა რეგიონში არჩევნების შემდგომი დავის მოსაგვარებლად.

რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა ოთხშაბათს საღამოს, რომ სამხრეთ ოსეთის არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები „ჩვენი მეგობრული მეზობელი სახელმწიფოს შიდა საქმეებია“.

„რუსეთი, რომელიც მკაფიოდ ასრულებს შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს სამხრეთ ოსეთის საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში, არ ერევა და არ აპირებს ჩაერიოს მის შიდა საქმეებში. ამავე დროს, ჩვენ კვლავაც ვადევნებთ თვალყურს რესპუბლიკაში განვითარებულ დაძაბულ ვითარებას, რომელიც უდავოდ იწვევს შეშფოთებას. გულწრფელად გვჯერა, რომ სამხრეთ ოსეთში შესაძლებელი გახდება კონსტიტუციური წესრიგის, სიმშვიდის და საზოგადოების ერთობის დაცვა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

მანამდე იმავე დღეს, ცალკე გაკეთებულ განცხადებაში რუსეთმა მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში, რომ „პატივი სცენ“ რეგიონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას კვირას ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაბათილების თაობაზე, რომლის დროსაც ოპოზიციურმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ კრემლის მიერ ღიად მხარდაჭერილ კანდიდატს ანატოლი ბიბილოვს არჩევნები მოუგო.

ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა კრემლის აპარატის უფროსის მოადგილე სერგეი ვინაკუროვი, რომელიც უცხოურ ქვეყნებთან რეგიონალურ და კულტურულ ურთიერთობებს კურირებს, ცხინვალში გააგზავნა. რუსული და ცხინვალის ადგილობრივი მედია წყაროების ცნობით, ვინაკუროვი სეპარატისტულ რეგიონში ოთხშაბათს საღამოს ჩავიდა.

იმავდროულად, ცხინვალის ცენტრში მთავრობის სახლის წინ ჯიოევას მომხრეთა აქცია გრძელდება. „კავკაზსკი უზელისთვის“ ცხინვალიდან ინფორმაციის მიმწოდებელი ჟურნალისტის ცნობით, ამჟამინდელი ლიდერი ედუარდ კოკოითი ოთხშაბათს საღამოს მომიტინგეებთან გავიდა და ცდილობდა დაეყოლიებინა ისინი, რომ დაშლილიყვნენ. თუმცა, მას აქციის ადგილის დატოვება მოუხდა მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა მას სტვენა აუტეხეს.  

 

მსგავსი/Related

Back to top button