ახალი ამბები

მოსკოვი პოლიტიკურ ძალებს ცხინვალში სასამართლოს განაჩენის პატივისცემისკენ მოუწოდებს

რუსეთმა მოუწოდა პოლიტიკურ ძლებს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში, რომ „პატივი სცენ“ რეგიონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას კვირას ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაბათილების თაობაზე.

მეორე ტურის წინასწარი მონაცემებით ოპოზიციონერი კანდიდატი ალა ჯიოევა ხმათა 16%–იანი უპირატესობით უგებდა არჩევნებს საგანგებო სიტუაციათა მინისტრს, ანატოლი ბიბილოვს, რომელსაც კრემლი ღიად უჭერდა მხარს.

“მოსკოვში ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენათა განვითარებას მეგობრულ მეზობელ სახელმწიფოში“,  – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 30 ნოემბრის განცხადებაში, „დაინტერესებულნი ვართ იმაში, რომ ამ ახალგაზრდა რესპუბლიკაში შენარჩუნდეს წყნარი და სტაბილური ვითარება, ხოლო პოლიტიკური პროცესები განვითარდეს მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში. ამისათვის აუცილებელია, რომ ყველა საზოგადოებრივ–პოლიტიკური ძალა პატივს სცემდეს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ მიღებულ კანონშესაბამის გადაწყვეტილებებს“.

29 ნოემბერს სეპარატისტული რეგიონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პარლამენტმა განმეორებითი არჩევნების თარიღად 2012 წლის 25 მარტი გამოაცხადა.

იმავდროულად,  ადგილობრივი საინფორმაციო წყაროების ცნობით, ალა ჯიოევა, რომელმაც პირობა დადო, რომ დაიცავს არჩევნებზე მოპოვებულ გამარჯვებას, მათ შორის ქუჩის პროტესტის გზითაც, შეხვედრას მართავს რუს დიპლომატთან ცხინვალში რუსეთის საელჩოში. დაახლოებით, 700 მისი მხარდამჭერია შეკრებილი რუსეთის საელჩოს შენობასთან, იტყობინება რეგიონის ხელისუფლების ვებ–გვერდი.  

მსგავსი/Related

Back to top button