ახალი ამბები

დაპირისპირება ტელეკომპანია ”მაესტროს” გარშემო

ტელეკომპანია „მაესტროს“ მაუწყებლობა დღეს შეწყვეტილი იყო მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის მფლობელებსა და მისი მმართველი კომპანიის დამფუძნებელს, ეროსი კიწმარიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

ტელეკომპანიის „მაესტროს“ დამფუძნებელმა და მისი აქციების 15%–ის მფლობელმა მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ 30 ნოემბერს დილას კიწმარიშვილი ათამდე უცნობ პირთან ერთად ტელეკომპანიის შენობაში შეიჭრა და არ მისცა თანამშრომლებს შენობაში შესვლის საშუალება.

კიწმარიშვილის ”რუსთავის მედია მართვის კომპანიას” ტელეკომპანია ”მაესტრო” მართვის უფლებით 3 წლის ვადით 2009 წლის ნოემბერში გადაეცა.

ცოტა ხნის წინ კიწმარიშვილმა საჯაროდ გააკრიტიკა „მაესტროს“ საინფორმაციო პოლიტიკა. 15 ნოემბერს ტელეკომპანიის თოქშოუში "სუბიექტური აზრი" საუბრისას მან განაცხადა, რომ ტელეკომპანია გადამეტებულად აშუქებს მილიარდერ ქველმოქმედ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს.

30 ნოემბერს კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „მაესტროს“ მართვის უფლება მოიპოვა, ტელეკომპანიაში 4,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიზიდა და შედეგად კომპანია ერთ–ერთ წამყვან არხად აქცია და როგორც მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, იგი უფლებამოსილია გაათავისუფლოს ტელეკომპანიის დირექტორი ბაჩო კიკაბიძე და პროდიუსერი მამუკა ღლონტი; მან ასევე განაცხადა, რომ იგი არ ერევა მფლობელობის საკითხში და მხოლოდ მისი მმართველობითი მოვალეობების ფარგლებში მოქმედებს. მან ასევე განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ არა მის გამო შეწყვიტა მაუწყებლობა, არამედ ტელეკომპანიის მფლობელების გადაწყვეტილების მიზეზით.

დღეს, დაახლოებით, 11:45 სთ-ზე, „მაესტრომ“ მაუწყებლობა განაახლა, და პირდაპირ ეთერში უჩვენა, თუ რა ხდებოდა ტელეკომპანიის შენობის წინ. მამუკა ღლონტმა ტელეკომპანიის სტუდიიდან პირდაპირი ჩართვისას კიწმარიშვილის ქმედება დაგმო, მას „ბანდიტი“ უწოდა და ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა. მან ასევე განაცხადა, რომ „მაესტროს“ დამფუძნებლები წყვეტენ კონტრაქტს კიწმარიშვილის მმართველ კომპანიასთან.

ერთობლივ განცხადებაში „მაესტროს“ ჟურნალისტებმაც დაგმეს კიწმარიშვილის ქმედება. იმავე სტუდიიდან საუბრისას, საინფორმაციო სამსახურის უფსორმა თამარ რუხაძემ განაცხადა, რომ ისინი ტელეკომპანიის პროგრამების აღდგენას ცდილობდნენ.    

„მაესტროს“ აქციები რამდენიმე პირს შორისაა განაწილებული. კერძოდ, 25%–ის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძეა. „მაესტროს“ აქციების 25%–ის მფლობელია მაკა ასათიანი, გაჩეჩილაძის დიდი ხნის მეგობარი.  დანარჩენ აქციებს ტელეკომპანიის ოთხი თავდაპირველი დამფუძნებელი იყოფს, საიდანაც სამს 15% აქვს, მათ შორის მამუკა ღლონტს, ხოლო ერთს – 5%.

26 ნოემბერს გაჩეჩილაძეს და ტელეკომპანიის ოთხ თავდაპირველ დამფუძნებელს შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც გაჩეჩილაძე თავისი აქციების 25%–ის მართვის უფლებას ტელეკომპანიის დირექტორს ბაჩო კიკაბიძეს გადასცემს. იმავე შეთანხმების თანახმად, გაჩეჩილაძე თავის კუთვნილ აქციებს 2012 წლის 10 დეკემბრისთვის ოთხ თავდაპირველ დამფუძნებელს მიჰყიდის მას შემდეგ, რაც კიწმარიშვილის კომპანიასთან მმართვის შესახებ სამწლიანი კონტრაქტის ვადა ამოიწურება.   

ეროსი კიწმარიშვილი „ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივანია. პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი იყო, რომელმაც 30 ნოემბერს დაადასტურა, რომ დიდი ხანია, რაც პარტია დატოვა. 

მსგავსი/Related

Back to top button