ახალი ამბები

ბაქრაძე ცხინვალის არჩევნებზე კრემლის ფავორიტის დამარცხების შესახებ

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის დამარცხება იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს მცხოვრებ ადამიანებს  ძალიან ცოტა აქვს საერთო ინტერესები, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

მას შემდეგ, რაც წინასწარი მონაცემებით, არჩევნები ოპოზიციურმა კანდიდატმა მოიგო, 29 ნოემბერს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ  ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ბათილად ცნო, ხოლო პარლამენტმა განმეორებითი არჩევნების თარიღად 2012 წლის 25 მარტი დაასახელა

„იმ პირობებშიც კი, რა პირობებშიც იქ ეს ე.წ. არჩევნები ტარდებოდა, ტოტალური გაყალბების, ტოტალური უკონტროლობის, ტოტალური ძალადობის პირობებში, ამ პირობებშიც კი, რუსეთის მიერ ხელდასმულ კანდიდატს აქვს სერიოზული პრობლემა“, – განაცხადა ბაქრაძემ 29 ნოემბერს.

„ეს თავისთავად ძალიან საინტერესო მანიშნებელია“, – განაგრძო მან, "გავიხენოთ ცოტა ხნის წინ მიმდინარე პროცესი, როდესაც რუსეთმა ისე დაასრულა მოლაპარაკებები საქართველოსთან  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზე, რომ ერთხელაც არ გახსენებია ეს მისი ე.წ. შვილობილი სახელმწიფოები და ერთხელაც არ უკითხავს აზრი აფხაზებისთვის და ოსებისთვის“.

„მეორე მხრივ, დღეს ცხინვალში მიმდინარე მოვლენებში რუსეთის პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აღმოჩნდა წაგებულ მდგომარეობაში და მე ვფიქრობ, ორივე ეს ფაქტი ნათლად  აჩვენებს, რომ რუსეთს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს მცხოვრებ ადამიანებს ძალიან ცოტა აქვს საერთო ინტერესები და მიუხედავად იმისა, რომ  ოკუპაციის ქვეშ არის, მიუხედავად იმისა, რომ ორივე რეგიონი ძლიერ განიცდის პროპაგანდისტულ ზეგავლენას, რომ რუსეთია მათი დამცველი და მფარველი, მიუხედავად ამ ყველაფრისა ძალიან კარგად ჩანს, რომ ყველა რეალურ პროცესში, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, რუსეთის და დღეს იქ დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მე ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი უნდა იყოს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის რუსეთში, ვინც ცდილობს გააგრძელოს და გაამართლოს ოკუპაციის და აღიარების პოლიტიკა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

 

მსგავსი/Related

Back to top button