ახალი ამბები

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის სასამართლომ არჩევნები ბათილად ცნო

29 ნოემბერს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ  ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ბათილად ცნო, იტყობინება რეგიონის ხელისუფლების ვებ–გვერდი.

"უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 27 ნოემბერს ჩატარებული არჩევნები ბათილად ცნოს იმდენად, რამდენადაც პრეზიდენტობის კანდიდატის ალა ჯიოევას მხარდამჭერებმა დაარღვიეს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი", – იტყობინება "ინტერფაქსი" სასამართლოს ვერდიქტზე დაყრდნობით.  

"რია ნოვოსტი" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის აცამაზ ბიჩენოვის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ალა ჯიოევა მონაწილეობას ვეღარ მიიღებს განმეორებით არჩევნებში. 

"კანონი მას ამ უფლებას ართმევს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით დაღვევები მისი მხრიდან დაფიქსირდა ჩატარებული არჩევნების დროს", – განუცხადა ბიჩენოვმა "რია ნოვოსტის". 

მისი თქმით, განმეორებითი არჩევნები ორი თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.

"რია ნოვოსტი" დე ფაქტო პარლამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საკანონმდებლო ორგანო ამჟამად შეკრებილ საგანგებო სხდომაზე დაასახელებს განმეორებითი არჩევნების თარიღს.

მეორე ტურის წინასწარი შედეგების თანახმად, რომელიც რეგიონის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორშაბათს გამოაცხადა ხმების თითქმის მთლიანი რაოდენობის დათვლის შედეგად, 62 წლის ყოფილმა პედაგოგმა და ყოფილმა განათლების მინისტრმა ალა ჯიოევამ ხმების 56.74% მიიღო; ანატოლი ბიბილოვმა, საგანგებო სიტუაციების მინისტრმა, რომლის კანდიდატურასაც კრემლი ღიად უჭერდა მხარს, ხმების 40% დააგროვა.

ამ მონაცემების წინააღმდეგ და საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლომ ბიბილოვის მხარდამჭერი პარტიის „ერთობა“ მიერ შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა.

ბიბილოვმა განაცხადა, რომ ის მიესალმება უზენაესი სასამართლოს "აბსოლუტურად სწორ" გადაწყვეტილებას, თუმცა არ დააკონკრეტა მიიღებს თუ არა განმეორებით არჩევნებში მონაწილეობას.  

მან სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ ის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაემორჩილებოდა. ბიბილოვის ამ განცხადებამდე სეპარატისტული რეგიონის უზენაესმა სასამართლომ მოუწოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ გამოეცხადებინა წინასწარი შედეგები, სანამ არ დასრულდებოდა ბიბილოვის სარჩელზე სასამართლო მოსმენა.

29 ნოემბერს ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე ჯიოევას ასობით მხარდამჭერი შეიკრიბა. ჯიოევამ მიმართა თავის მხარდამჭერებს, რომ ისინი გამარჯვების აღსანიშნავად შეიკრიბდნენ და არა ფერადი რევოლუციის მოსაწყობად, იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო.

მსგავსი/Related

Back to top button