ახალი ამბები

სომხეთის პრეზიდენტი თბილისს ეწვია

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ორდღიანი ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა. მას ამ წუთებში პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილი მასპინძლობს.

“საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ლიდერებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. მხარეები ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობითაც შეხვდებიან და ორი ქვეყნის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ, რასაც შეთანხმების ხელმოწერით დაადასტურებენ“, – იტყობინება მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალური გვერდი.

მოგვიანებით იგეგმება პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სერჟ სარგსიანი ასევე გამართავს შეხვედრებს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქთან ილია მეორესთან. 

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ქართულ–სომხური ბიზნეს ფორუმის გამართვა.

 

Back to top button