
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი 27 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს მართავს.
მეორე ტურში ერთმანეთს სეპარატისტული რეგიონის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ანატოლი ბიბილოვი და განათლების ყოფილი მინისტრი ალა ჯიოევა უპირისპირდებიან; პირველ ტურში, რომელშიც 11 კანდიდატი მონაწილეობდა, ბიბილოვმაც და ჯიოევამაც ხმების, დაახლოებით, 25% მიიღო.
ბიბილოვი, რომელიც კრემლის ფავორიტად მიიჩნევა, 21 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მიიღო, როდესაც ეს უკანასკნელი ვლადიკავზაზს სტუმრობდა. „მედვედვმა აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია, რომ სამხრეთ ოსეთს ეფექტური ხელმძღვანელობა ჰყავდეს“, განაცხადა კრემლმა შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.
ბიბილოვმა თავის საპრეზიდენტო კამპანიაში მხარდაჭერა მიიღო ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატებისგან, მათ შორის ვადიმ ცხოვრებოვისგან, რომელიც ცხინვალის პურის ქარხნის დირექტორია. ცხოვრებოვმა არჩევნების პირველ ტურში მესამე შედეგი აჩვენა ხმათა 9.9%–ით. ცხინვალის ვიცე–მერმა ალან კოტაევმა, რომელმაც ხმების 9.6% მიიღო, ასევე გამოხატა მხარდაჭერა ბიბილოვის მიმართ.
რამდენიმე სხვა ყოფილმა კანდიდატმა, მათ შორის ვლადიმერ ქელეხსაევმა, რომელმაც პირველ ტურში ხმების 6.6% მიიღო, ალა ჯიოევას მიმართ გამოხატა მხარდაჭერა. ამ უკანასკნელს ასევე უჭერს მხარს თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი ლიდერის ედუარდ კოკოითის მწვავე ოპონენტი ჯამბულატ თედეევი. თავად თედეევსაც სურდა არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა მას მონაწილეობა იმ მოტივით აეკრძალა, რომ 10 წლის მანძილზე არ უცხოვრია სეპარატისტულ რეგიონში.
მეორე ტურის წინ, ბიბილოვმა ჯიოევა იმაში დაადანაშაულა, რომ მას თბილისიდან მიღებული დახმარებით სურდა არჩევნების მოგება; ბიბილოვმა განაცხადა, რომ ახალგორში ჯიოევას კამპანიას ეთნიკური ქართველი უძღვებოდა. ამის საპასუხოდ, ჯიოევამ ახალგორში პირველი ტურის დროს მიღებული შედეგები მოიყვანა, რომლის თანახმადაც, მან იქ მხოლოდ 150 ხმა, ბიბილოვმა კი 600 ხმა მიიღო.
სეპარატისტული რეგიონის საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ამომრჩეველთა სულ ცოტა 30%–მა უნდა მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურში, რათა არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდეს.