ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალში მეორე ტურის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

მას შემდეგ, რაც სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასასრულს საარჩევნო უბნები დაიხურა, უშიშროების სამსახურმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ერთ–ერთი კანდიდატი თავისი მხარდამჭერების ქუჩაში გაყვანას გეგმავდა, რათა „ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ზეწოლა მოეხდინა“.

„ამგვარმა ქმედებებმა შესაძლოა უწესროგობა და მასობრივი შეტაკებები გამოიწვიოს“, – განაცხადა სეპარატისტული რეგიონის უშიშროების სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სმირნოვმა. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, რომელ კანდიდატს გულისხმობდა.

ამ განცხადების შემდეგ, ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე ასეული სამართალდამცავი განლაგდა.

ყოფილმა განათლების მინისტრმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა ალა ჯიოევამ განაცხადა, რომ „გარკვეული ძალები“ პროვოკაციებს გეგმავდნენ, რათა „არასასურველი შედეგის შემთხვევაში არჩევნები ჩაშალონ“.

ანატოლი ბიბილოვმა, საგანგებო სიტუაციების მინისტრმა, რომლის კანდიდატურასაც კრემლი ღიად უჭერდა მხარს, განაცხადა, რომ მას და მის მხარდამჭერებს ქუჩის აქციების გამართვის არანაირი განზრახვა არ აქვთ.

სეპარატისტული რეგიონის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მეორე ტურის წინასწარი შედეგების გამოქვეყნებამდე, კანდიდატების საარჩევნო შტაბები უკვე აკეთებდნენ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მათმა კანდიდატმა გაიმარჯვა არჩევნებში.

მსგავსი/Related

Back to top button