
ილია მეორე: მოსკოვში ვიზიტი ‘მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო’ იყო
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ მისი ექვსდღიანი ვიზიტი მოსკოვში „იყო მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის“.
ილია მეორე საქართველოში 24 ნოემბერს დაბრუნდა მოსკოვიდან, სადაც 18 ნოემბრიდან იმყოფებოდა რუსეთის პატრიარქის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით და შეხვედრები გამართა პატრიარქ კირილთან და პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან.
“ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ლტოლვილების ბედს და გვქონდა საუბარი ლტოლვილების შესახებ და იმედი არის, რომ ისინი დაბრუნდებიან თავის სახლებში,“– განუცხადა ილია მეორემ თბილისში დაბრუნების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს.
მან ასევე განაცხადა, რომ თხოვა რუსეთის პრეზიდენტს და პატრიარქს, რომ მოხდეს ქართველი მეფეების ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის ასტრახანიდან საქართველოში გადმოსვენება მათივე ანდერძის აღსასრულებლად. პატრიარქის თქმით, მისი ეს თხოვნა ამჟამად „შესწავლის პროცესშია“.
მაშინ როცა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი მოსკოვს სტუმრობდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ორი სხვადასხვა გამოსვლისას რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია გააკრიტიკა და მას „კრემლის ფილიალი“ უწოდა, რომელმაც „გამოაცხადა ჯვაროსნული ლაშქრობა საბჭოთა კავშირის აღსადგენად“.
„იცით, რომ რუსეთის ეკლესიამ ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა საბჭოთა კავშირის აღსადგენად და ამას გამოხატავენ ძალიან ღიად. საქართველოს დამოუკიდებლობის დასასრულებლად“, – განაცხადა სააკაშვილმა 22 ნოემბერს მხედველობაში ჰქონდა რა რუსეთის პატრიარქის კირილის განცხადება, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ნეგატიური მოვლენა იყო.
მომდევნო დღეს, 23 ნოემბერს რიყის პარკში აშშ–ის ყოფილი პრეზიდენტის რონალ რეიგანის ძეგლის გახსნისას, სააკაშვილმა განაცხადა: „რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რომელიც პირდაპირ კრემლის ფილიალია, გამოაცხადა ჯვაროსნული ლაშქრობა საბჭოთა კავშირის აღსადგენად და საბჭოთა კავშირის ტერიტორიას, მათ შორის თავისუფალ საქართველოს, უწოდა ‘ისტორიული რუსეთის შემადგენელი ნაწილები’, რომლებიც უნდა დაბრუნდნენ უკან რუსეთში“.
„რამდენი ჯვაროსნული ლაშქრობაც არ უნდა გამოაცხადონ საბჭოთა კავშირის აღსადგენად, რამდენი ლოცვაც, წყევლა–კრულვაც არ უნდა აღავლინონ კგბ–ის კოსტუმიანმა თუ ნებისმიერმა სხვა ელემენტებმა ჩვენგან ჩრდილოეთით, საბოლოო ჯამში, თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს და ყველანაირი რეანიმაცია და მცდელობა საბჭოთა კავშირის აღდგენის, მიგვიყვანს ჩვენ დღევანდელი რუსეთის შემდგომ დესტაბილიზაციამდე და მიიყვანს ამ სახელმწიფოს, რომელიც ბევრად უკეთეს ხვედრს იმსახურებს, თვითონ დაშლის პირას“, – განაცხადა სააკაშვილმა.