ახალი ამბები

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სტატუსზე კანონი მიღებულია

პარლამენტმა 24 ნოემბერს მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს სპეციალურ სტატუსს ანიჭებს, რათა მათ საქართველოში გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლონ.

სპეციალური შეღავათები, რომლითაც ამ სტატუსის მატარებლები ისარგებლებენ, უკავშირდება საქართველოში 30 დღით უვიზოდ შემოსვლის და ყოფნის უფლებას; სპორტულ შეჯიბრებებში საქართველოს სახელით ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში შესაძლო მონაწილეობას; სახელმწიფოს დაფინანსებით საქართველოში  ზოგადი და უმაღლესი განათლების მიღებას და სამოქალაქო რეესტრის მომსახურეობის შეღავათიანი პირობებით სარგებლობას. ამას გარდა, ეს პირები ისარგებლებენ ყველა იმ უფლებებითა და თავისუფლებებით, რაც საქართველოში მყოფ უცხოელებზე კანონმდებლობით ვრცელდება.

აღნიშნული სტატუსის მიღება, რისთვისაც დადებითი დასკვნა სახელმწიფო ორგანოებმა უნდა გასცენ, შეეძლებათ იმ პირებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და ხანგრძლივად ცხოვრობენ სხვა სახელმწიფოში; ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და გააჩნიათ წარმომავლობა საქართველოდან ანდა მათი  მშობლიური ენა მიეკუთვნებოდა ქართულ–კავკასიურ ენათა ოჯახს.

კანონი, რომელიც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შეიმუშავა, 2012 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება. ინიციატივის ავტორების თქმით, ეს კანონი მიზნად ისახავს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამემამულეების „იურიდიულ ბმას“ საქართველოსთან.

Back to top button