ახალი ამბები

თბილისში რონალდ რეიგანის ძეგლი გაიხსნა


აშშ–ის ყოფილი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ძეგლი თბილისში. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

პრეზიდენტმა სააკაშვილმა და აშშ–ის კონგრესმენთა დელეგაციამ დღეს თბილისში აშშ–ის ყოფილი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ძეგლი გახსნეს. გახნის ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქანდაკება საქართველოს და მისი ჩრდილოელი მეზობლის ფასეულობებს შორის არსებული სხვაობის სიმბოლოა.

ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც სკამზე ჩამომჯდარ მომღიმარე რეიგანს განასახიერებს, რიყის პარკში გაიხსნა.

„დღეს გამოცხადებული არის ჩვენი დამპყრობლის ლიდერის მიერ საბჭოთა კავშირის დაშლა, რომელიც დაშალა რონალდ რეიგანმა, მე–20 საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ ტრაგედიად“, – განაცხადა სააკაშვილმა გახსნის ცერემონიაზე. მას რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი ჰყავდა მხედველობაში.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენგან ჩრდილოეთით გამოცხადდა ევრაზიული კავშირის შექმნა, რაც ყოველგვარი მიკიბვ–მოკიბვის გარეშე მათ მიერ ცხადდება, როგორც საბჭოთა კავშირის ახალი ვარიანტი“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

მას მხედველობაში ჰქონდა გასულ კვირას კრემლში გამართული ცერემონია, რომლის დროსაც რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის პრეზიდენტებმა შეთანხმებებს მოაწერეს ხელი, რომელიც ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას ისახავს მიზნად და რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უწოდა „ახალი და ძალიან ძლიერი ნაბიჯი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნის გზაზე“.

„მათთვის სამწუხაროდ, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რომელიც პირდაპირ კრემლის ფილიალია, გამოაცხადა ჯვაროსნული ლაშქრობა საბჭოთა კავშირის აღსადგენად და საბჭოთა კავშირის ტერიტორიას, მათ შორის თავისუფალ საქართველოს, უწოდა ისტორიული რუსეთის შემადგენელი ნაწილები, რომლებიც უნდა დაბრუნდნენ უკან რუსეთში“, – განაგრძო სააკაშვილმა. მას მხედველობაში ჰქონდა რუსეთის პატრიარქის კირილის განცხადება, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ისტორიული რუსეთის დაშლის ტოლფასი იყო.      

მან განაცხადა, რომ რუსეთის მცდელობა აღადგინოს საბჭოთა კავშირი არის „რევანში“ იმის წინააღმდეგ, რაც რონალდ რეიგანმა გააკეთა იმით, რომ საბჭოთა კავშირის დაშლას დაეხმარა.        

„მათ აღადგინეს საბჭოთა კავშირის ჰიმნი, ჩვენ ვდგამთ აქ რონალდ რეიგანის ძეგლს, როგორც განსხვავებას ჩვენსა და მათ ფასეულობებს შორის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„რამდენი ჯვაროსნული ლაშქრობაც არ უნდა გამოაცხადონ საბჭოთა კავშირის აღსადგენად, რამდენი ლოცვაც, წყევლა–კრულვაც არ უნდა აღავლინონ კგბ–ის კოსტუმიანმა თუ ნებისმიერმა სხვა ელემენტებმა ჩვენგან ჩრდილოეთით, საბოლოო ჯამში, თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს და ყველანაირი რეანიმაცია და მცდელობა საბჭოთა კავშირის აღდგენის, მიგვიყვანს ჩვენ დღევანდელი რუსეთის შემდგომ დესტაბილიზაციამდე და მიიყვანს ამ სახელმწიფოს, რომელიც ბევრად უკეთეს ხვედრს იმსახურებს, თვითონ დაშლის პირას“, – განაცხადა სააკაშვილმა.

თავისი გამოსვლის შემდეგ სააკაშვილმა კონგრესმენებს დევიდ დრაიერს, ედ უიტფილდს და დონალდ პეინს, რომლებიც 22–24 ნოემბერს საქართველოს სტუმრობენ, ძეგლის ერთად გახსნა შესთავაზა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button