ახალი ამბები

სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

29–30 ნოემბერს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი საქართველოს ეწვევა, იტყობინებიან საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტების ადმინისტრაციები.

“ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი ურთიერთობების საკითხების განხილვასთან ერთად, მხარეები ხელს მოაწერენ დოკუმენტებს, რომელთა მიზანიცაა სომხურ–ქართული ურთიერთობების განვითარება რიგ სფეროებში“, – იტყობინება სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახური.

სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტს წინ უძღოდა გასულ კვირას სომხეთის სამთავრობო დელეგაციის სტუმრობა ბათუმში, პრემიერ–მინისტრის ტიგრან სარგსიანის ხელმძღვანელობით. მანამდე, 7 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სტუმრობდა ერევანს.

მაშინ ვაშაძემ უარყო, რომ სომხეთის პრეზიდენტმა ნოემბრის დასაწყისში საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და განაცხადა, რომ მისი ერევანში სტუმრობის ერთ–ერთი მიზანი სწორედ სერჟ სარგსიანის ვიზიტის მომზადება იყო საქართველოში.

მანამდე, 4 ნოემბერს ვაშაძის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ განაცხადა: „[სომხეთის პრეზიდენტის] ვიზიტი გადადებულია, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი დიპლომატიურ ურთიერთობებში. მე ნამდვილად არ ვიცი ვიზიტის გადადების მიზეზი, მაგრამ რომ გადაიდო ფაქტია“.  

იმის შესახებ, რომ სომხეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს ნოემბრის დასაწყისში გეგმავდა, 18 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა ბრიფინგზე.

თუმცა 21 ოქტომბერს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უარყო, რომ პრეზიდენტი სარგსიანი საქართველოში ნოემბრის დასაწყისში აპირებდა სტუმრობას, რამაც უბიძგა სომხურ პრესას ევარაუდა, რომ სერჟ სარგსიანმა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 19 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების გამო გააუქმა ან გადადო ვიზიტი. სააკაშვილმა განაცხადა მაშინ საქართველოს სახელმწიფო მოხელეებთან შეხვედრაზე, რომ ეფექტური სახელმწიფო აპარატის წყალობით საქართველო ბევრად უფრო სწრაფად შეძლებდა მეწყერის შედეგების აღმოფხვრას, ვიდრე ეს სომხეთმა მოახერხა. სომხეთის ტავუშის პროვინციაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა და ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა დროებით შეწყდა.

 

Back to top button