
ჟურნალისტები შსს–ის წინააღმდეგ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო სასამართლოში
თბილისი საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტთა ჯგუფის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.
ივლისში შსს–ის წინააღმდეგ შვიდმა დაზარალებულმა – „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტებმა კონსტანტინე სტალინსკიმ და თაზო კუპრეიშვილმა, გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ, გაზეთმა „ბათუმელები“, „ჩოხატაურის მაცნემ“, მედია–პალიტრაში შემავალმა „ახალი ამბები“ და რადიოცენტრმა „პლიუსი“ – სასამართლოში სარჩელი შეიტანა 26 მაისს რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ საპროტესტო აქციის დაშლისას მიყენებული ფიზიკური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მიყენებული ზიანის, რაც ჯამურად 5 508 ლარად არის შეფასებული, ანაზღაურებას ითხოვენ.
სასამართლო სხდომის დაწყებისას შსს–ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი სადაოს არ ხდიან ფიზიკური შეურაცხყოფით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას იმ პირების მიმართ, ვისაც სამედიცინო დაწესებულებიდან შესაბამისი დოკუმენტები გააჩნიათ. რაც შეეხება ქონებრივი ზარალის ანაზღაურებას, მოპასუხე მხარის განცხადებით, არასაკმარისი მტკიცებულებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ უშუალოდ სამართალდამცავების მიერ მოხდა ფოტო ან ვიდეო კამერების ჩამორთმევა და დაზიანება.
დღევანდელ პროცესზე ორი დაზარალებული და საქმეში არსებული შვიდივე მოწმე ჟურნალისტი დაიკითხნენ. შემდეგი სასამართლო სხდომა 12 დეკემბერს გაიმართება.