
სააკაშვილი პარლამენტის გადატანის საკითხზე პოზიციას აზუსტებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა სამშაბათს საღამოს, რომ მართალია პარლამენტი თავის პირველ სხდომას ქუთაისში ახალ შენობაში 2012 წლის 26 მაისს გამართავს, თუმცა საკანონმდებლო ორგანო მუდმივად ქუთაისში მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადავა.
ეს ფორმულირება სააკაშვილის მიერ 7 ნოემბერს გაკეთებული განცხადებისგან განსხვავდება, როდესაც მან განაცხადა: „26 მაისს, ჩვენ შევთანხმდით ყველანი ერთად, რომ პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება ქუთაისში. 26 მაისიდან გადავა ქუთაისში, არამხოლოდ ერთი სხდომა, პარლამენტი მზად იქნება, რომ სხდომები ატაროს ქუთაისში“.
პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა ამ განცხადებამ ვარაუდები გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ იგი შესაძლოა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მიანიშნებდა. პარლამენტის მიერ 1 ივლისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, პარლამენტი დედაქალაქიდან ქუთაისში მომდევნო საკანონმდებლო ორგანოს არჩევის შემდეგ უნდა გადავიდეს. კონსტიტუციის თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.
სააკაშვილის მიერ გაკეთებული ამ განცხადების შემდეგ მმართველი პარტიის დეპუტატებს იმის თქმა მოუხდათ, რომ ვადამდელი არჩევნების რაიმე შესაძლებლობა გამორიცხულია.
22 ნოემბერს პრეზიდენტმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან და მისი გადატანის თარიღთან დაკავშირებით, რომელიც მართალია სრულად არ შეესაბამებოდა მის მიერ 7 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, თუმცა არც ეწინააღმდეგებოდა მას.
თუმცა, მოგვიანებით იმავე დღეს, ქუთაისში ახლად აშენებულ მთავრობის სახლში მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა კვლავ წამოწია ეს საკითხი და ამჯერად განაცხადა: „პირველი სხდომა [პარლამენტის] გაიმართება 26 მაისს და შემდეგ უკვე, არჩევნების შემდეგ უკვე მუდმივად პარლამენტი გადმოვა ქუთაისში“.