
სააკაშვილი ქუთაისის ‘პოლიტიკურ–ადმინისტრაციულ ცენტრად’ გადაქცევის შესახებ
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 22 ნოემბერს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა ახალ შენობაში“ 2012 წლის 26 მაისს ქუთაისში გაიმართება.
„საქართველოს პარლამენტი გადმოვა ქუთაისში, მთლიანად. ეს იქნება ერთადერთი ადგილი, სადაც იქნება საქართველოს პარლამენტი. მომავალი წლის 26 მაისს გაიხსნება საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა ახალ შენობაში, რომელიც, იცით, რომ შენდება ავტოქარხნის დასახლებაში, ქუთაისში. პარლამენტის გადასვლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წყალტუბოსთვის, ბაღდადისთვის, ვანისთვის, ხონისთვის, უშუალოდ ქუთაისის გარშემო რეგიონებისთვის, ბუნებრივია, მთელი იმერეთისთვის, მთლიანად დასავლეთ საქართველოსთვის და რა თქმა უნდა, მთლიანად საქართველოსთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა 22 ნოემბერს ქუთაისში ვიზიტის დროს.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ისტორიიდან რამდენიმე პერიოდი მოიყვანა, როდესაც ქუთაისი ქვეყნის მთავარი ქალაქის და მისი დედაქალაქის როლს ასრულებდა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქუთაისის ახალი ისტორია 21–ე საუკუნეში იწყება, როდესაც ის საქართველოს „პოლიტიკურ–ადმინისტრაციული ცენტრი და მეორე დედაქალაქი“ ხდება.
„მე მინდა ყველა იმ მოღვაწეს, პოლიტიკოსს, არაპოლიტიკოსს, ვუთხრა ყოველგვარი მიკიბვ–მოკიბვის გარეშე, მათ, ვისაც არ ესმით ქუთაისის ისტორიულ–პოლიტიკური მნიშვნელობა, მათ საერთოდ არ ესმით საქართველო. მათ, ვისაც არ ესმით, რატომ გადმოგვაქვს ჩვენ ქუთაისში პარლამენტი, ის ეწინააღმდეგება საქართველოს გაერთიანების, საქართველოს განვითარების, საქართველოს ევროპული არჩევანის და საერთოდ საქართველოს მომავლის ლოგიკას. და მათ, რა თქმა უნდა, არ აქვთ გააზრებული ჩვენი ისტორია და ქუთაისის მნიშვნელობა ერთიანი საქართველოსთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ეს არის არა მხოლოდ ისტორიული ფუნქციის დაბრუნება ქუთაისისთვის, ეს არის ისტორიული ფუნქციის დაბრუნება იმ ქალაქში, რომელიც ყველა ქართველისთვის ერთიან, ძლიერ, ე.ი. დავით აღმაშენებლის საქართველოს განასახიერებს“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, მთელ დასავლეთ საქართველოს უჩნდება „განვითარების ლოგიკა და წინ წასვლის მნიშვნელოვანი სტიმული“.