
თბილისი მედვედევის ომთან და ნატოსთან დაკავშირებული განცხადებების შესახებ
რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადება იმის თაობაზე, რომ აგვისტოს ომმა ნატოს გაფართოება შეაჩერა „კიდევ ერთი დადასტურება იმისა, თუ ვინ და რატომ დაიწყო ომი 2008 წლის აგვისტოში“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა 22 ნოემბერს.
„კიდევ ერთხელ გაცხადდა ცინიკური ფორმით მიზეზები სამხედრო აგრესიისა საქართველოს წინააღმდეგ, კიდევ ერთი ნიშანი საერთაშორისო თანამეგობრობისადმი იმისა, თუ როგორი აგრესიული მიზნები ამოძრავებს რუსეთის დღევანდელ რეჟიმს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ“, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
„ამ აგრესიული რიტორიკის მიღმა იმალება მორიგი დაცინვა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ნორმების, საერთსშორისოდ მიღებული წესების მიმართ. ვწუხვარ, რომ ეს არის რეალური სახე იმ რეჟიმისა, რომელიც დღეს მართავს რუსეთს. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რაც ჩვენთვის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცნობილი იყო იმის თაობაზე, თუ ვინ და რატომ დაიწყო ომი 2008 წლის აგვისტოში“, – დასძინა მან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მედვედევის „განცხადება მნიშვნელოვანია იმით, რომ განმარტავს არა მხოლოდ იმას, რომ რუსეთმა დაიწყო, არამედ განმარტავს იმასაც, რომ რატომ დაიწყო რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია".
საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მედვედევის „გულგახსნილობა“ არის „შიშით სავსე პასუხი“ იმ რეზოლუციებზე, რომლებიც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ოკუპაციასთან დაკავშირებით იქნა მიღებული დასავლეთში.
“ბატონი მედვედევი დაამახსოვრდება შთამომავლობას, მისი პრეზიდენტობა, მხოლოდ ერთი რაღაცით – საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიით, ომით და უდანაშაულო ადამიანების დაღუპვით,“– განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ „გაკვივრვებულია“ იმით, რომ რუსეთს „ელემენტარულად არ შეუძლია თავისივე პროპაგანდისტული კლიშეების შენარჩუნება სამი წლის განმავლობაში“.