ახალი ამბები

მედვედევი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატს შეხვდა


აბატოლი ბიბილოვი (მარცხნივ) ხვდება დიმიტრი მედვედევს ვლადიკავკაზში, 21 ნოემბერს. ფოტო: კრემლი 

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ ერთ–ერთ კანდიდატს, ანატოლი ბიბილოვს 21 ნოემბერს ვლადიკავკაზში შეხვდა.

საუბარში დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა რუსეთის დაინტერესება იმაში, რომ სამხრეთ ოსეთის სათავეში ეფექტური ხელმძღვანელობა იდგეს, იტყობინება კრემლი.

მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მასთან გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში.

შეხვედრა სეპარატისტულ რეგიონში არჩევნების მეორე ტურამდე ექვსი დღით ადრე გაიმართა. 

27 ნოემბერს ანატოლი ბიბილოვს, რეგიონის საგანგებო სიტუაციების მინისტრს მეორე ტურში მისი კონკურენტი ალა ჯიოევა, დიდი ხნის შტაჟის მქონე მასწავლებელი და ყოფილი განათლების მინისტრი დაუპირისპირდება.

13 ნოემბერს ჩატარებულ არჩევნების პირველ ტურში, ბიბილოვმა, რომელიც თავიდანვე კრემლის ფავორიტად იყო მიჩნეული, ხმათა დაახლოებით 25%–მდე მიიღო. ხმათა დაახლოებით იმდენივე რაოდენობა ქონდა მეორე ადგილზე გასულ ალა ჯიოევას. არჩევნებში სულ 11 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.

იმავდროულად, 21 ნოემბერს ბიბილოვმა თავის საპრეზიდენტო კამპანიაში მხარდაჭერა მიიღო ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატისგან ვადიმ ცხოვრებოვისგან, რომელიც ცხინვალის პურის ქარხნის დირექტორია. ცხოვრებოვმა არჩევნების პირველ ტურში მესამე შედეგი აჩვენა ხმათა 9.9%–ით. ბიბილოვის მხარდაჭერის გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს მისი პოზიციის მნიშვნელოვან შემობრუნებად, რადგან ის ადრე აცხადებდა, რომ არცერთ კანდიდატს არ დაუჭერდა მხარს მეორე ტურში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button