
ილია მეორე სხვა მართლმადიდებელ ლიდერებთან ერთად მედვედევს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი (ცენტრში), საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე მის მარჯვნივ და რუსეთის პატრიარქი კირილი მარცხნივ, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტებთან, რუმინეთისა და ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიების დელეგაციების ხელმძღვანელებთან და სხვა მღვდელთმსახურებთან ერთად, 20 ნოემბერს რუსეთის საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე. ფოტო: რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ვებ-გვერდი.
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი რუსეთის საპატრიარქოს რეზიდენციაში 20 ნოემბერს სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა, რომლებიც მოსკოვს რუსეთის პატრიარქის, კირილის 65 წლის იუბილეს აღსანიშნავად სტუმრობენ.
“მართლმადიდებლური სამყაროს ერთიანობა, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ეს საერთაშორისო განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელია,“– განაცხადა მედვედევმა შეხვედრაზე მას შემდეგ, რაც პატრიარქ კირილს იუბილე მიულოცა.
„და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის შეიძლება იყოს სირთულეები, შეიძლება იყოს გლობალური პრობლემები, მათ შორის ეკონომიკური და იდეოლოგიური, ეკლესია შესაძლოა არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც განამტკიცებს ხალხებს შორის ურთიერთობებს და გვეხმარება რთულ დროს“, – აღნიშნა მან.
პატრიარქმა კირილმა, რომელმაც 19 ნოემბერს ორმხრივი შეხვედრა გამართა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქთან, მედვედევს განუცხადა, რომ „ძალიან სასარგებლოა“, რომ მართლმადიდებელ ლიდერებს „აქვთ შესაძლებლობა შეგხვდნენ თქვენ“.
ილია მეორე მოსკოვში 18 ნოემბრიდან იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პატრიარქი ასევე გეგმავს მოსკოვში მცხოვრებ ქართველებთან და აფხაზებთან შეხვედრას.