ახალი ამბები

გილაური: სახელმწიფო კომპანიათა აქციები საერთაშორისო ბირჟებზე გასაყიდად წელს აღარ გავა

პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ მთავრობამ გადაიფიქრა, რომ წლევანდელ წელს გაიტანოს სახელმწიფო კომპანიათა აქციები საერთაშორისო ბირჟებზე გასაყიდად.

“წლევანდელი წლის განმავლობაში ვაპირებდით მინორიტარული აქციების გატანას საერთაშორისო ბირჟებზე, თუმცა საერთაშორისო ბირჟების ძალიან ცუდი მდგომარეობის გამო, ამას წელს აღარ გავაკეთებთ“, – განაცხადა გილაურმა მთავრობის სხდომაზე 18 ნოემბერს.

პარლამენტმა ოქტომბერში დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მთავრობას შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო კომპანიების აქციათა შეუზღუდავი პაკეტები განათავსოს საერთაშორისო ბირჟებზე.

იმ კომპანიებს შორის, რომლის აქციების საერთაშორისო ბირჟებზე განთავსების გზით გაყიდვას მთავრობა გეგმავს, არიან „საქართველოს რკინიგზა“; „საქართველოს ელექტროსისტემა“; ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რომელიც ჩრდილოეთ–სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენს მართავს და რომლითაც საქართველოს გავლით სომხეთი გაზს რუსეთიდან იღებს; ასევე „თელასი“, რომელშიც სახელმწიფოს წილი 24.53%–ს შეადგენს.

ხელისუფლება აცხადებს, რომ არ აპირებს ამ კომპანიათა საკონტროლო პაკეტების გაყიდვას.

დღეს მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა გილაურმა ასევე აღნიშნა, რომ იმ ფონზე როცა „ფინანსური ბაზრები ჩამოშლის პირას დგანან“ და ევროპის ნაწილში „სერიოზული ეკონომიკური კრიზისია“, საქართველოში 2011 წლის ათი თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები „საკმაოდ პოზიტიურია“ და ის, დაახლოებით, 6.5%–ს შეადგენს.

წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5.%–ია, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ეს პარამეტრი 5%–ით არის განსაზღვრული.

 

Back to top button