
სააკაშვილი ევროპარლამენტის ‘ისტორიულ’ რეზოლუციას მიესალმება
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოზე, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირის წამყვან ინსტიტუტებს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ ცნონ, „ისტორიული“ დოკუმენტია, რომელიც "საქართველოს გარდაუვალი გამთლიანების იურიდიულ საფუძველს" ქმნის.
„ეს რეზოლუცია ჩვენთვის რამდენიმე ასპექტით არის ძალზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ჩვენს დიდ ბრძოლაში საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისთვის, საბოლოო დეოკუპაციისთვის, ჩვენი ქვეყნის უკეთესი, დემოკრატიული, ევროპული მომავლისათვის. პირველი, რაც ამ რეზოლუციაში ყველაზე მნიშვნელოვანია: კიდევ ერთხელ, მაგრამ ამჯერად ძალიან დეტალურად, ცალსახად აისახა, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს რეგიონების უკანონო სამხედრო ოკუპაციას“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა ეს განცხადება 17 ნოემბერს რეზოლუციის მიღებიდან რამდენიმე საათში მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვის დროს გააკეთა.
მისი თქმით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ მოიხსენება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ასევე აშშ–ს სენატის რეზოლუციებში, „მაგრამ ევროპისა და მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულმა, წარმომადგენლობითმა არჩევითმა ორგანომ პირველად დააკანონა ის, რომ საქართველოში რუსეთის ყოფნა არის უკანონო სამხედრო ოკუპაცია.“
„დღევანდელი რეზოლუციის შემდეგ, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ჩვენი მთავარი საარსებო გარემო – ევროპა არასდროს აღარ აღიარებს რუსულ ოკუპაციას, როგორც ლეგალურ აქტს. ამის შემდეგ ევროპა ნამდვილად არასდროს აღარ აღიარებს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობას და საქართველოს დაქუცმაცებას. ეს არის წარმოუდგენელი დარტყმა იმ მზაკვრულ გეგმებზე, რომლებიც მათ [რუსეთის ხელმძღვანელობას] ჰქონდათ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მეორე საკითხი, რომელზეც სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა, რეზოლუციის ის ნაწილი იყო, რომელიც აცხადებს, რომ „ეთნიკურ წმენდას და ძალადობრივ დემოგრაფიულ ცვლილებებს ჰქონდა ადგილი ოკუპანტი ძალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე“.
მან განაცხადა, რომ მართალია ეუთოს დოკუმენტებში ეთნიკური წმენდა აფხაზეთში „ირიბად იყო ხოლმე ნახსენები“, მაგრამ კონკრეტულად არასდროს არ თქმულა, რომ „საქართველოში განხორციელდა უშუალოდ ეთნიკური წმენდის დანაშაული“.
„ამ ეთნიკური წმენდის ჩამდენები არასდროს არ ყოფილან კონკრეტულად იდენტიფიცირებული. დღევანდელ დოკუმენტში სიმართლემ, როგორც იქნა, საბოლოოდ იზეიმა ამდენი წლის შემდეგ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ეუთოს 1999 წლის სტამბულის სამიტის დეცლარაციაში ნათქვამია: „ჩვენ კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვგმობთ, როგორც ეს ფორმულირებულია [ეუთოს 1994 წლის] ბუდაპეშტის და [ეუთოს 1996 წლის] ლისაბონის სამიტების დოკუმენტებში, ‘ეთნიკურ წმენდას’, რასაც მოყვა აფხაზეთის, საქართველოს, ძირითადად, ქართული მოსახლეობის მასობრივი განადგურება და ძალადობრივი გაძევება და გალის რაიონში 1998 წლის მაისში განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები“.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის ეს ნაწილი – „ეთნიკურ წმენდას და ძალადობრივ დემოგრაფიულ ცვლილებებს ჰქონდა ადგილი ოკუპანტი ძალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე“ – იმის ტოლფასია, რომ „რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება კაცობრიობის წინაშე ჩადენილ სამხედრო დანაშაულშია დადანაშაულებული“.
„ბალკანეთის შემდეგ ევროპაში ოფიციალურად არავინ არ დაუდანაშაულებიათ მსგავსი დანაშაულის ჩადენაში… მრავალი წლის შემდეგ, პირველად, საქართველოს რეგიონების ოკუპანტი მხარე, ცალსახად არის დადანაშაულებული, ასეთი დანაშაულის ჩადენაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ერთი რამ ვიცი, ისტორიულად ოკუპაცია ყოველთვის დეოკუპაციით მთავრდებოდა და უკანასკნელ პერიოდში სამხედრო დამნაშავეები ყოველთვის ისჯებოდნენ“, – განაცხადა მან, „დღეს ამისთვის ყველაზე ნათელი იურიდიული საფუძველი შეიქმნა. დარწმუნებული ვარ, რომ შორს არ არის ის დრო, როდესაც ყველაფერი სამართლიანად დასრულდება და საბოლოოდ ვიზეიმებთ“.
მან ასევე ხაზი გაუსვა რეზოლუციის იმ ნაწილის მნიშვნელობას, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირის წამყვან ინსტიტუტებს „საქართველო ევროპულ სახელმწიფოდ აღიარონ“ და საქართველოსთან ასოცირებულ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ევროპულ პერსპექტივაზე დააფუძნონ. სააკაშვილმა განაცხადა, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპარლამენტმა აღიარა საქართველოს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი. მისი თქმით, ეს მოხდა იმიტომ, რომ ევროპარლამენტმა საქართველო შეაფასა აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოთა შორის საუკეთესოა რეფორმატორ ქვეყნად. ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია: “საქართველო ერთ–ერთი ყველაზე კარგი შემსრულებელი პარტნიორია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში რეფორმების მიღებაში, თუმცა პრობლემები კვლავაც რჩება მათი განხორციელების თვალსაზრისით“.
სააკაშვილმა რეზოლუციის იმ ნაწილზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც „შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებზე – მხედველობაშია ის აფეთქებები, რომლებიც, თბილისის განცხადებით, აფხაზეთში განთავსებული რუსი სამხედრო ოფიცრის მიერ იყო ორგანიზებული.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ რეზოლუციით „ის პროცესი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაგვირგვინდა, რომელზეც ჩვენ [აგვისტოს] ომის შემდეგ ვმუშაობთ“.
„სტალინის პერიოდის შემდეგ, რუსეთი პირველად შეიჭრა მეზობელ ქვეყანაში, მაგრამ ვერ შეძლო ამ ქვეყნის მთლიანად ოკუპირება და მისი მთავრობის დამხობა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ეს არის წარმოუდგენელი გეოპოლიტიკური გადატრიალება რუსეთის პოზიციის თვალსაზრისით. საქართველოს ხალხმა თავისი ერთიანობით, შეკრულობით, სიმტკიცითა და წინააღმდეგობის სურვილით, პრაქტიკულად, სასწაული მოახდინა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ჩვენი ერის უდიდესი გაბედულება ევროპელი ხალხის აღტაცებას იწვევს და პატარა მებრძოლი ხალხის მხარდაჭერის სურვილს აღვივებს“.