
კეტრინ ეშტონი საქართველოს სტუმრობს
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი 16 ნოემბერს თავისი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისში ჩამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში ეშტონი პრეზიდენტ სააკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან გამართავს მოლაპარაკებებს; იგი ასევე შეხვდება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ანდჟეი ტიშკევიჩს.
„ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია სამხრეთ კავკასიის მიმართ ევროკავშირის ვალდებულების დემონსტრირება“, – განაცხადა ეშტონმა სამხრეთ კავკასიაში ვიზიტამდე. „გასული წლის მანძილზე – განახლებული ევროპის სამეზობლო პოლიტიკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში – ჩვენ სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაძლიერების პროცესში ჩავერთეთ, მათ შორის ასოცირებულ შეთანხმებებზე მოლაპარაკებების გზით. ძალიან გვინდა, რომ ვიხილოთ სამი ქვეყნის პროგრესი საჭირო რეფორმებით, რომლის მთავარი ორიენტირიც ევროპული ღირებულებები იქნება. ასევე გვინდა ვიხილოთ კონფლიქტების მოგვარებაში წინგადადგმული ნაბიჯები“.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 15 ნოემბერს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების საჭიროების საკითხს ეშტონთან შეხვედრაზე დააყენებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა 16 ნოემბერს, რომ ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები „გადამწყვეტ ფაზაში“ გადადის.
„წლის ბოლომდე აუცილებლად გაიხსნება მოლაპარაკებები გაღრმავებულ თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე“, – განუცხადა მან „რუსთავი 2“–ს და დასძინა, რომ „უახლოეს მომავალში“ იგეგმება მოლაპარაკებების დაწყება სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე.
„ეს ვიზიტი, ერთი მხრივ, იქნება შედეგების შეჯამება, მეორე მხრივ, ახალი ეტაპის დაწყება ჩვენ ურთიერთობებში“, – განაცხადა ვაშაძემ.
ეშტონი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა, ხოლო 17 ნოემბერს სომხეთში გაემგზავრება. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ ეშტონი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც 17–18 ნოემბერს ევროკავშირი–რუსეთის პარტნიორობის მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა გაიმართება.
ეს ეშტონის მეორე ვიზიტია საქართველოში; იგი ქვეყანას შარშან ივლისშიც სტუმრობდა, რომლის დროსაც მან ასოცირებულ შეთანხმებაზე ევროკავშირი–საქართველოს მოლაპარაკებები გახსნა.