
ბურჯანაძე ივანიშვილის, არჩევნების და საპროტესტო აქციების შესახებ
მილიარდერი ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლამ ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტი შეცვალა, რამაც თავისუფალი არჩევნების ჩატარების გარკვეული შანსები გააჩინა, მაგრამ „დიდი ალბათობაა“ იმისა, რომ საპროტესტო აქციების ჩატარება კვლავ საჭირო გახდეს, განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძე.
ბურჯანაძე გაზაფხულზე ქუჩის საპროტესტო აქციებს უძღვებოდა, რომელიც სპეცრაზმმა 26 მაისს დაშალა.
ბიძინა ივანიშვილმა ბურჯანაძესთან თანამშრომლობის შესაძლებლობა არ გამორიცხა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ მასთან გარკვეული საკითხებია გასარკვევი. ივანიშვილის გუნდმა ნათლად განაცხადა, რომ „თანამშრომლობა“ არ ნიშნავს პოლიტიკური ალიანსის შექმნას. დღემდე ივანიშვილმა მხოლოდ ორი პარტია დაასახელა – რესპუბლიკური პარტია და ირაკლი ალასანიას პარტია – რომლებთანაც მას პარტნიორობა სურს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით.
„ყველაზე დიდი წინააღდეგობა, რაც ჩვენ შორის არსებობს არის ის, რომ ქალბატონი ნინო ქუჩის გამოსვლების უპირატესობას აღიარებს, მე კი ამას გამოვრიცხავ. კიდევ არის რაღაც შეკითხვები ქალბატონ ნინოსთან, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ ამ შეკითხვებს მოვხსნით, პოზიციებს შევათანხმებთ და აუცილებლად ვითანამშრომლებთ ქალბატონ ნინოსთან. მას კარგი საპარლამენტო და მთავრობაში მუშაობის გამოცდილება აქვს“, – განაცხადა ივანიშვილმა თავის საგაზეთო ინტერვიუში ნოემბრის დასაწყისში.
როდესაც მას ამ წინააღმდეგობაზე ჰკითხეს, ნინო ბურჯანაძემ, რომლის თქმითაც, იგი თანამშრომლობისთვის მზადაა, გაზეთ „რეზონანს“ განუცხადა: „ყოველთვის ვამბობდით, რომ დიახ, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით, მაგრამ სამწუხაროდ, სააკაშვილი ქმნის ისეთ რეალობას, რომელიც შეუძლებელს ხდის თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, ვინაიდან სწორედ დემოკრატიული არჩევნებია მისთვის მთავარი საფრთხე“.
„თუმცა დღეს გარკვეულწილად რეალობა შეცვლილია – თუ ადრე თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შანსი არ არსებობდა, დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ ამ მხრივ გარკვეული პოზიტიური ძვრები შეიმჩნევა. მაგრამ ამას სჭირდება ყოველდღიური ბრძოლა და ჭიდილი ხელისუფლებასთან, რომ გამოსტაცო მედია, აიძულო პოლიტმატიმრების გათავისუფლება და ა.შ.“, – განაცხადა მან.
„[სახალხო] კრებას აქვს ნათქვამი, რომ მიზანია ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლა და ამ გზას რა მეთოდი და მექანიზმი უკეთ მოერგება, ეს იქნება ქუჩის საპროტესტო აქცია თუ ეს იქნება პოლიტიკური განცხადების კაბინეტიდან გაკეთება, ეს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
„რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, რომ ის აქციებს კატეგორიულად გამორიცხავს, ვფიქრობ, ეს მისი სურვილია და ეს სურვილი გასაგებია იმიტომ, რომ ყველას ძალიან გვინდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მშვიდ, წყნარ გარემოში ჩავატაროთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები და ყოველგვარი ტკივილის და სირთულის გარეშე შეიცვალოს ხელისუფლება“, – განაცხადა მან.
„ქუჩის აქცია არ არის ერთადერთი და საუკეთესო გზა პოლიტიკური ბრძოლისთვის, მაგრამ ეს ერთ–ერთი გზა ნამდვილად არის და მე არ გამოვრიცხავ, რომ ქუჩის აქციები დიდი ალბათობით კვლავ დადგეს დღის წესრიგში“, – დასძინა მან.