
სააკაშვილი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 15 ნოემბერს, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას უკვე წლის ბოლომდე ელოდება.
„ველოდებით იმას, რომ უკვე წლის ბოლომდე იმედი გვაქვს გავხსნით მოლაპარაკებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ევროკავშირთან. პირველ რიგში ჩვენ ეს გვჭირდება“, – განაცხადა მან.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი ამ საკითხს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კეტრინ ეშტონთან განიხილავს, რომელიც საქართველოს 16 ნოემბერს ეწვევა.
„როგორც არასდროს, ჩვენ ახლა გვჭირდება დაჩქარება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების“, – განაცხადა სააკაშვილმა საქართველოს ბანკის ახალი ცენტრალური ოფისის გახნის ცერემონიაზე, „როგორც არ უნდა უჭირდეს ევროპულ ბაზარს, ევროპული ბაზარი ჩვენისთანა ქვეყნისთვის არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ ამავე დროს ჩვენთვის მნიშვნელოვანია შუა აზიის ბაზარი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დსთ–ს ქვეყნების ბაზრები, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით განვვითარდეთ, მაგრამ ბაზარზე რომ გახვიდეთ, უნდა ავამაღლოთ პროდუქტიულობა ჩვენი ეკონომიკის. მთავარი პრობლემა დღეს არის დაბალი პროდუქტიულობა ეკონომიკის ყველა სექტორში“.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ აღნიშნა თავის განცხადებაში, სადაც ის რუსეთსა და საქართველოს შორის ვმო–ზე მიღწეულ შეთანხმებას მიესალმა, რომ ევროკავშირი განაგრძობს თავის მნიშვნელოვან სამუშაოს, რომელიც „საქართველოსთან პოლიტიკური ურთიერთობის და ეკონომიკური ინტეგრაციისკენაა მიმართული, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის მიზნით“.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა 15 ნოემბერს, რომ საქართველო „ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოზე უფრო წინ არის წასული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით“.
„ხალხი შედის ევროკავშირში იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურა ააშენოს; ჩვენ როცა შევალთ ევროკავშირში და ეს არის უკვე ჭეშმარიტება, რომელზეც ყველა ლაპარაკობს – შევალთ იმ პოზიციებში, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა იქნება უფრო განვითარებული, ვიდრე დღეს აქვს პოლონეთს, ლიტვას და ლატვიას; და ამასაც ვახერხებთ ჩვენი ძალებით და რა თქმა უნდა, დონორების და სხვების დახმარებით“, – განაცხადა სააკაშვილმა.