ახალი ამბები

ევროკავშირი რეგიონული განვითარებისთვის 19 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის მომდევნო სამი წლის მანძილზე 19 მილიონ ევროს გამოყოფს.

თანხები პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება სამ ტრანშად, „იმ პირობით, თუ ხელისუფლება წინასწარ შეთანხმებულ პირობებს შეასრულებს“, იტყობინება ევროკავშირის დელეგაცია თბილისში.

„ის მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს თანხების გადარიცხვას მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეთანხმებული პირობები შესრულდება, საშუალებას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების ტემპი აირჩიოს და ერთობლივად შეთანხმებულ მიზნებს მიაღწიოს“, – განაცხადა ევროკავშირის დელეგაციამ თბილისში, „ყოველ წელს, დამოუკიდებელი შეფასების საფუძველზე ევროკავშირი მიღწეულ პროგრესს და პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობას აფასებს“.

ევროკავშირის დელეგაციის განცხადებით, პროგრამის მიზნებს წარმოადგენს რეგიონებში ინფრასტრუქტურის, მათ შორის საავადმყოფოების, შიდა გზების, გაზის და წყლის სისტემების განვითარება, ასევე რეგიონული სტრატეგიული დაგეგმვის შესაძლებლობების გაუმჯობესება, მათ შორის ადამიანური რესურსების და სტატისტიკის გაძლიერების მიზნით.

19 მილიონი ევროს დახმარების შესახებ შეთანხმებას 14 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ მოაწერეს ხელი. 

Back to top button