ახალი ამბები

კოკოითი: ‘ქალი პრეზიდენტი გამორიცხულია’

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელმა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა გამორიცხა, რომ რეგიონის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შესაძლოა მისმა ოპონენტმა, ალა ჯიოევამ მოიგოს.

კითხვაზე როგორ მიაჩნია მას, შესაძლებელია თუ არა, რომ ქალი გახდეს რეგიონის ახალი ლიდერი, კოკოითიმ  „კომსომოლსკაია პრავდას“ რადიო ინტერვიუში ორშაბათს უპასუხა: „ეს გამორიცხულია“.

„ჩვენთან ქალებს არავინ არ აკნინებს. ჩვენს საზოგადოებაში ქალებს ძალიან კარგად ექცევიან, პატივისცემით, მაგრამ კავკასია მაინც კავკასიაა“, – განაცხადა კოკოითიმ.  

დაძაბულ ბრძოლაში ჯიოევამ, დიდი ხნის შტაჟის მქონე მასწავლებელმა და ყოფილმა განათლების მინისტრმა ხმების 25.37% მიიღო. იგი ცოტათი ჩამორჩება საგანგებო სიტუაციების მინისტრს ანატოლი ბიბილოვს, რომელმაც კვირას ჩატარებულ არჩევნებზე ხმების 25.44% მიიღო. 27 ნოემბერს ეს ორი კანდიდატი ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდება.

მსგავსი/Related

Back to top button