
ნატო სამხრეთ ოსეთის არჩევნებს “არ აღიარებს“
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა 14 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომ ალიანსი „13 ნოემბერს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობს“.
„ამგვარი არჩევნების ჩატარება საქართველოში არსებული სიტუაციის მშვიდობიან და ხანგრძლივ მოგვარებას ხელს არ უწყობს. ალიანსი კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა გასულ კვირას საქართველოში ვიზიტის დროს, რომ ალიანსის რეაქცია სამხრეთ ოსეთის არჩევნებზე „ზუსტად იგივე იქნება როგორიც აფხაზეთის არჩევნებზე“ 2011 წლის აგვისტოში.
„ჩვენ აშკარა არაღიარების პოლიტიკას ვახორციელებთ; ჩვენ არ გვიღიარებია და არ ვაღიარებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად… ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას“, – განაცხადა რასმუსენმა თბილისში 9 ნოემბერს.