
ევროკავშირი “არ აღიარებს“ სამხრეთ ოსეთის არჩევნებს
ევროკავშირი „არ აღიარებს იმ საკონსტიტუციო და სამართლებრივ ჩარჩოს“, რომლის ფარგლებში კვირას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში არჩევნები ჩატარდა, განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის პრესსპიკერმა 14 ნოემბერს.
„ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, როგორც ეს საერთაშორისო სამართლითაა აღიარებული. ამ კონტექსტში ევროკავშირის სურვილია ხაზი გაუსვას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, – ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი 16 ნოემბერს თავისი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ ეშტონი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც 17–18 ნოემბერს ევროკავშირი–რუსეთის პარტნიორობის მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა გაიმართება.