
სამხრეთ ოსეთის ცესკო: საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში 13 ნოემბერს გამართული არჩევნები და სახელმწიფო ენასთან დაკავშირებული რეფერენდუმი ჩატარებულად ცხადდება, რადგანაც საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი გამოცხადდა, განაცხადა სეპარატისტული რეგიონის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.
ადგილობრივი დროით საღამოს 7 საათამდე ამომრჩეველთა 66%–ზე მეტმა მისმა ხმა, იტყობინება ცესკო.
რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, რომ მოსკოვში განთავსებული ორი კვლევითი ჯგუფის – სოციალური მარკეტინგის ინსტიტუტის და ეკონომიკის უმაღლესი სკოლის – მიერ ჩატარებულმა ეგზით პოლებმა უჩვენა, რომ სეპარატისტული რეგიონის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ანატოლი ბიბილოვი ხმების 48%–ით ლიდერობს – თუ ოფიციალური შედეგებიც ანალოგიური იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ორ კვირაში მეორე ტური გაიმართება. ეგზით პოლების მონაცემების თანახმად, მეორე ადგილზეა ოპოზიციური კანდიდატი და განათლების ყოფილი მინისტრი ალა ჯიოევა ხმების 30%–ით.
თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა რუსეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა, რომელთაც სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს, სეპარატისტული რეგიონის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა გასულ კვირას საქართველოში ვიზიტის დროს, რომ ალიანსის რეაქცია სამხრეთ ოსეთის არჩევნებზე „ზუსტად იგივე იქნება, როგორიც აფხაზეთის არჩევნებზე“ 2011 წლის აგვისტოში.
„ჩვენ აშკარა არაღიარების პოლიტიკას ვახორციელებთ; ჩვენ არ გვიღიარებია და არ ვაღიარებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად… ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას“, – განაცხადა რასმუსენმა თბილისში 9 ნოემბერს.