
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში შეხვედრები გამართა
ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იონას გარ სტორე 10 ნოემბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ სააკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს და პრემიერ–მინისტრს ნიკა გილაურს შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილმა და იონას გარ სტორემ საქართველოს განვითარების ტემპებზე, უსაფრთხოების საკითხებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება, იტყობინება პრეზიდენტის პრესსამსახური.
„მადლიერი ვართ იმისთვის, რასაც ნორვეგია ჩვენთვის აკეთებს. თქვენი ქვეყანა საკმაოდ აქტიურია მთელ რიგ საკითხებში“, – განაცხადა სააკაშვილმა შეხვედრაზე, სადაც ნორვეგიული ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივებიც იქნა განხილული.
ნორვეგიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.
ვიზიტისას ხელი მოეწერა ორი ქვეყნის მთავრობებს შორის „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების" და „უკანონოდ მყოფ პირთა რეადმისიის" შესახებ შეთანხმებებს.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იონას გარ სტორე მიესალმა საქართველოსა და რუსეთს შორის ვმო-სთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას და „კიდევ ერთხელ დაადასტურა ნორვეგიული მხარის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად.
ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ასევე საქართველო-ნორვეგიის ენერგეტიკული თანამშრომლობის ფორუმში, რომელიც თბილისში დღეს გაიხსნა ორი ქვეყნის ბიზნეს–წრეების მონაწილეობით.