
საქართველო ავღანეთში კონტინგენტის ზრდის გეგმას ადასტურებს
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ავღანეთიდან დაბრუნებული 33–ე ქვეითი ბატალიონის ჯარისკაცებთან ვაზიანის ბაზაზე გამართული შეხვედრის ცერემონიაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ბაჩო ახალაიასთან ერთად, 10 ნოემბერი, ფოტო: ნატო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა 10 ნოემბერს, რომ საქართველო მომავალ წელს ავღანეთში კიდევ ერთ ბატალიონს გააგზავნის, იმ 950 ქართველი სამხედროს გარდა, რომლებიც უკვე მსახურობენ ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში, ძირითადად, ჰელმანდის პროვინციაში.
შედეგად, საქართველო გახდება ნატოს ის არაწევრი სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება ავღანეთში.
„პარალელურად, ჩვენ გვიწვეს ძალიან რთულ უსაფრთხოების გარემოში ყოფნა, რაც ორმაგ ძალისხმევას მოითხოვს, ერთი მხრივ, გავაძლიეროთ, გავაგრძელოთ აგვისტოს ომის შედეგად მიღებული ზიანის აღდგენა, ხოლო მეორეს მხრივ, მოვახდინოთ თავდაცვის შემდგომი ტრანსფორმაციის გაგრძელება“, – განაცხადა ახალაიამ.
მან ეს განცხადება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გააკეთა, სადაც ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად ავღანეთიდან დაბრუნებული ქართული შენაერთის დახვედრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
„თქვენი მოვალეობები ჰელმანდის პროვინციაში განსაკუთრებით მომთხოვნი იყო“, – მიმართა რასმუსენმა 33–ე ქვეითი ბატალიონის ჯარისკაცებს და მიესალმა საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში დახმარების გამო. მან ასევე პატივი მიაგო ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას.
„თქვენი სამსახური ავღანეთში ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვა მხრივ. ეს უკეთესად ამზადებს საქართველოს შეიარაღებული ძალების პერსონალს, რათა მათ ნატოდან თავიანთ კოლეგებთან ერთად სხვა მისიებშიც იმუშაონ,“ – განაცხადა რასმუსენმა.
„ეს თქვენი ქვეყნის ნატოს წევრობისთვის მომზადების მთავარი ნაწილია. ამრიგად, თქვენ არა მხოლოდ დაეხმარეთ ავღანეთს, რომ ფეხზე დამდგარიყო, არამედ თქვენ ასევე დაეხმარეთ საქართველოს, რომ ალიანსის წევრობასთან დაახლოებულიყო“, – აღნიშნა მან.
ვიზიტის პირველ დღეს, 9 ნოემბერს პრესკონფერნციაზე საუბრისას რასმუსენმა ნათლად მიუთითა, რომ არანაირი პირდაპირი კავშირი არ არსებობს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობასა და ნატოს წევრობას შორის.
„საქართველოს წვლილი ჩვენს ოპერაციაში ავღანეთში ასევე ეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ნატოს შეიარაღებულ ძალებს შორის თავსებადობას… მაგრამ გარდა ამისა, მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ოპერაციაში წვლილსა და ნატოს მომავალ წევრობას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს; ეს ერთი ფაქტორია, თუმცა ბევრი ელემენტი არსებობს, რომელთა შესრულებაცაა საჭირო გაწევრიანებამდე“, – განაცხადა რასმუსენმა 9 ნოემბერს.
‘არჩევნები მთავარი ნიშნულია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის’
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გამგზავრებამდე ნატოს გენერალური მდივანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
წინა დღეს გაკეთებული საჯარო განცხადებების მსგავსად, რასმუსენმა კვლავ შეაქო საქართველო დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების და კორუფციის დაძლევის გამო.
„ყველა ინსტიტუტების კონსოლიდაციას და დემოკრატიულ რეფორმებს დრო სჭირდება…. ეს ხანგრძლივი პროცესია, ამას მოთმინება სჭირდება, ამას სიმტკიცე სჭირდება და ამისთვის საჭიროა, რომ თქვენ და თქვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა სიმტკიცე გამოიჩინოთ შემდგომი რეფორმების განსახორციელებლად“, – განაცხადა მან.
„თქვენმა ქვეყანამ ხანმოკლე დროში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ეს გზა ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა რასმუსენმა.
მისი თქმით, მომდევნო წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები „თქვენი დემოკრატიული განვითარების მთავარი ნიშნული იქნება“.
„თავისუფალ, სამართლიან და წარმატებულ არჩევნებს ძლიერი და კარგი საარჩევნო კოდექსი სჭირდება. გარდა ამისა, ყველა კანდიდატისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს თანაბარი პირობები, რათა ყველას, ვისაც მონაწილეობა სურს, შეეძლოთ ამის გაკეთება თავისუფლად და სამართლიანად, დაშინების და ჩარევის გარეშე“, – განაცხადა რასმუსენმა.
მისი თქმით, ნამდვილი დემოკრატია უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ საარჩევნო ყუთი. „ეს ბევრად მეტს გულისხმობს, როგორიცაა უმცირესობის შეხედულებების მიმართ პატივისცემა და ტოლერანტობა, გამოხატვის თავისუფლება და მედიის და სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა“, – განაცხადა მან.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში 10 ნოემბერს ნატოს ელჩებთან შეხვედრამდე. მარცხნიდან მარჯვნივ: დეპუტატი გურამ ჩახვაძე ედპ–დან; დეპუტატი გია თორთლაძე, დემოკრატიული პარტიიდან; დეპუტატი ლევან ვეფხვაძე ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან; ირაკლი ალასანია, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერი; მამუკა კაციტაძე ახალი მემარჯვენეებიდან და დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
იმ დროს, როდესაც ნატოს გენერალური მდივანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოდიოდა, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ელჩები სამ დამოუკიდებელ ჯგუფად პარალელურ შეხვედრებს მართავდნენ ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებთან, სადაც განხილვის მთავარი თემები უსაფრთხოება და დემოკრატიის საკითხები იყო.
ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი იყო თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, რითიც „ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს დემოკრატიული გზით“. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ელჩებმა ინტერესი გამოხატეს ქართულ პოლიტიკაში მილიარდერი ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის მიმართაც.
„თუ სააკაშვილის დღევანდელი გუნდი გაიაზრებს, რომ პოლიტიკაში დარჩენა, ქვეყნისთვის სამსახური პირდაპირ უკავშირდება სამართლიანი არჩევნების ჩატარებას – და ამ შემთხვევაში, მათაც აქვთ შესაძლებლობა გააგრძელონ თავიანთი პოლიტიკა – მაშინ ქვეყანა დალაგდება და ნატოც მოგვიახლოვდება“, – განუცხადა რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ნატოში გაწევრიანების თემა „მიხეილ სააკაშვილის საპორპაგანდო მანქანის“ ნაწილი არ უნდა იყოს.
ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოდან ელჩების „მნიშვნელოვანი გზავნილი“ იყო, რომ „ნატო მხარს უჭერს არა ერთ პიროვნებას და არა ერთ პარტიას, არამედ სახელმწიფოს და იქ მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს“.
ნატოს დელეგაცია 10 ნოემბერს ბათუმს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ სააკაშვილთან მოლაპარაკებები გაიმართება, რის შემდეგაც ნატოს გენერალური მდივანი და ალიანსის წევრი სახელმწიფოების ელჩები ბრიუსელში დაბრუნდებიან.