ახალი ამბები

მომდევნო საპენსიო ზრდა 2012 წლის სექტემბრიდან იგეგმება

2012 წლის პირველი სექტემბრიდან პენსია არსებული 100 ლარიდან 125 ლარამდე გაეზრდებათ 67 წლის ასაკზე უფროს ადამიანებს– 25 ლარით გაეზრდებათ მათ, ვისაც სტაჟის დანამატი არ აქვს, ხოლო 15 ლარით იმ პენსიონერებს, რომლებიც ამ 10–ლარიან დანამატს იღებენ; ამასთან ერთად "ყველა პენსიონერი" მიიღებს 15–ლარიან სადაზღვევო პაკეტს, განუცხადა პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა პრეზიდენტ სააკაშვილს 9 ნოემბერს.

საპენსიო ასაკი საქართველოში ქალებისათვის 60 წელს, ხოლო მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენს. მინიმალური პენსია 100 ლარამდე მიმდინარე წლის სექტემბერში გაეზარდათ.

გილაურის თქმით, 670 ათასი პენსიონერი ისარგებლებს დაზღვევის საბაზისო პაკეტით, რომელშიც შევა ექიმთან უფასო კონსულტაციები და უფასო ანალიზები, გადაუდებელი და დაგეგმილი ოპერაციების, ასევე ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის დაფინანსება, რომლის 80%–ს დაფარავს სახელმწიფო, დაზღვეულის 20%–იანი თანადაფინანსების პირობებში; ასევე 200–ლარიანი ლიმიტის ფარგლებში წამლებზე ხარჯების 50%–ს დაფარავს სახელმწიფო.

გილაურის განცხადებით, დაახლოებით, ანალოგიური პაკეტია გათვალისწინებული 0–დან 5 წლამდე ბავშვებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში.

“საარჩევნო დაპირება ჩვენი 2008 წელს, როცა მე მირჩევდნენ,  იყო ასეთი, რომ ჩვენ შემოვიტანთ 100 დოლარიან სადაზღვევო პაკეტს, მაგრამ ამას მოყვა ომი, მსოფლიო კრიზისი… და მიუხედავად ამისა ჩვენ დავუბრუნდით ძველ ტემპს, რასაც დავპირდით ჩვენს ხალხს“, – განაცხადა სააკაშვილმა მის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ პენსიების დაგეგმილი ზრდა „საკმარისი მაინც არ იქნება“, მაგრამ „ეს ტენდენციები გაგრძელდება“ და შესაძლოა ზაფხულში „კიდევ ერთხელ გადავხედოთ ზრდის ტედენციას“.

“ჩემი დაპირება მე არ დამვიწყებია, როგორი კრიზისიც არ უნდა იყოს, მაინც უნდა სულ ვფიქრობდეთ იმას, რომ ყოველ შემთხვევაში ჩემს საპრეზიდენტო ციკლში, რომელიც სრულდება 2013 წელს, ეტაპობრივად უნდა გაგრძელდეს პენსიების ზრდა იმ მიზნით, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ და შევასრულოთ ის დაპირება, რომელიც ჩვენ გავეცით 2008 წლის იანვარში“, – განაცხადა მან.

2008 წელს მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მინიმალური პენსიის 100 აშშ დოლარამდე გაზრდას დაპირდა, რისი შეუსრულებლობის გამოც ოპოზიცია მას ხშირად აკრიტიკებს.

Back to top button