
ივანიშვილი სამოქალაქო სექტორთან ერთად უფლებადაცვითი პროექტების დაწყებას გეგმავს
ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებთან ერთად რამდენიმე უფლებადაცვითი პროექტის განხორციელებას გეგმავს – ეს არის იმ შეხვედრის შედეგი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 7 ნოემბერს გამართა, იტყობინება მისი პრესსამდივნო.
დაგეგმილი პროექტები მოიცავს სამ მიმართულებას: პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულების გასათავისუფლებლად საჭირო მექანიზმების შექმნას; იმ ადამიანების სამართლებრივი დაცვით უზრუნველყოფას, ვინც ივანიშვილის საზოგადოებრივ მოძრაობაში ჩართვის გამო შესაძლოა ხელისუფლების მხრიდან დევნის ობიექტი აღმოჩნდეს; და პატიმრების დახმარებისათვის სამართლებრივი და სოციალური პროგრამების ამოქმედებას.
ადამიანის უფლებათა დაცვა, პრესსამდივნოს განცხადებით, იმ საზოგადოებრივი მოძრაობის პრიორიტეტი იქნება, რომლის დაფუძნებასაც ივანიშვილი 25 ნოემბერს გეგმავს.
„ადამიანის უფლებათა დაცვა წარმოადგენს იმ ცენტრალურ პრობლემას, რომლის გადაჭრაც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და მთელი საზოგადოებრივი ძალის მობილიზებას მოითხოვს“, – ნათქვამია პრესსამდივნოს მიერ 9 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, „ბიძინა ივანიშვილის აზრით, ეს ამოცანა ვერ გადაწყდება დღევანდელი თუ მომავალი ხელისუფლების კონტროლის მექანიზმის შემუშავების გარეშე“.
ივანიშვილმა ორშაბათს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მან „გამოუსწორებელი შეცდომა“ დაუშვა, როცა ვარდების რევოლუციის შემდეგ მისი კუთვნილი ტელეკომპანია „მე–9 არხი“ დახურა, რითაც გაშვებული იქნა შანსი, რომ ზომიერი კონტროლი განხორციელებულიყო მთავრობის ქმედებებზე.
7 ნოემბერს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ქველმოქმედმა მილიარდერმა ჟურნალისტებს განუცხადა: „მე გავიცანი საზოგადოება, რომელიც გვერდით დამიდგება იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვენს გუნდს გააჩნია და მე ძალიან დიდ იმედს ვამყარებ არასამთავრობოებზე და საერთოდ სამოქალაქო სექტორზე“.