ახალი ამბები

ნატოს ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი თბილისის აეროპორტში, 9 ნოემბერი. ფოტო: ნატო

ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები ალიანსის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში – ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოში ორდღიანი ვიზიტით დღეს თბილისში ჩამოვიდნენ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოსთან ერთად ეწვია საქართველოს, გასულ კვირას განაცხადა, რომ ეს ვიზიტი „ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ხაზს უსვამს ძალიან გამორჩეულ პარტნიორობას საქართველოსა და ნატოს შორის“.

ნატოს დელეგაციას და ალიანსის გენერალურ მდივანს თბილისის აეროპორტში საქართველოს ვიცე–პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე დახვდნენ.   

ეს ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს მეორე ვიზიტია საქართველოში; პირველად ამგვარი ვიზიტი 2008 წლის სექტემბერში შედგა, რომლის დროსაც ნატო–საქართველოს კომისიას ჩაეყარა საფუძველი.

ეს კომისია წარმოადგენს ნატო–საქართველოს თანამშრომლობის ზედამხედველობის მთავარ მექანიზმს, რაც ასევე მოიცავს იმ რეფორმების განხორციელებაზე თვალყურის მიდევნებას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამით, რომელსაც ალიანსი ყოველწლიურად აფასებს.

გენერალური მდივანი წარუძღვება 9 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ ნატო–საქართველოს კომისიის სხდომას, რომელშიც ასევე მიიღებს მონაწილეობას პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური. რასმუსენი და გილაური კომისიის სხდომამდე ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.

ვიზიტის მეორე დღეს ნატოს გენერალური მდივანი შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენელ დეპუტატებთან ერთად ასევე გამართავს ცალკე შეხვედრას ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთან. 

ასევე 10 ნოემბერს, იმ დროს, როდესაც ნატოს გენერალური მდივანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილ სტუდენტებს სიტყვით მიმართავს, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ელჩები სამ ჯგუფად პარალელურ შეხვედრებს გამართავენ ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებთან. 

ბათუმში გამგზავრებამდე დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება.

ბათუმში ნატოს გენერალურ მდივანს პრეზიდენტი სააკაშვილი უმასპინძლებს; ის ასევე ცალკე შეხვედრას გამართავს ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ელჩებთან. დელეგაცია ბრიუსელში ხუთშაბათს საღამოს დაბრუნდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button