skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: ‘მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი საქართველოს ეკონომიკაზე’

იმ ფონზე, როდესაც სამეზობლოს სხვა ქვეყნებიდან კაპიტალი „გარბის“, საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს შანსი და „დაიჭიროს გამოქცეული კაპიტალი“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 ნოემბერს. 

„მიუხედავად მსოფლიოში განვითარებული უარყოფითი ეკონომიკური პროცესებისა, მიუხედავად იმისა, რომ ევროზონა პრაქტიკულად იშლება – და ეს, რა თქმა უნდა, მძიმედ აისახება საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე ასევე – და თან სამეზობლოში, განსაკუთრებით რუსეთში, ყველანაირი ნიშანია უკვე მძიმე ეკონომიკური კრიზისის, ჩვენი ბიუჯეტი ორიენტირებულია განვითარებაზე და ეკონომიკურ ზრდაზე“, – განაცხადა მან მმართველი პარტიის დეპუტატებთან  შეხვედრაზე.

„მიუხედავად გლობალური ფონისა, მე ვარ საკმაოდ ოპტიმისტურად განწყობილი საქართველოს ეკონომიკაზე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ იმ ფონზე, როდესაც სხვა ქვეყნებმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შეამცირეს, საქართველომ ეს მაჩვენებლები გაზარდა და შედეგად, წელს 7%–იანი ზრდა არის მოსალოდნელი.

„სამეზობლოში ეკონომიკური სიტუაცია არის რთული; მაგრამ ეს ხდება არა ობიექტური ფაქტორების გამო, არამედ სუბიექტური ფაქტორების გამო. რუსეთში და ზოგიერთ სხვა რეგიონალურ ქვეყნებში არის ძალიან დიდი კორუფცია, დიდი განუკითხაობა, განცდა უპერსპექტივობის და ეს არის ზუსტად ის სიტუაცია, როცა საქართველომ უნდა წამოიღოს ინვესტიციები. მე არ მინდა ვთქვა, რომ სხვის გაჭირვებაზე ჩვენ უნდა გავიხაროთ, მაგრამ ჩვენ ყველანი ახლა უნდა ვიდგეთ დიდი ბადით საქართველოს საზღვრებთან და დავიჭიროთ სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოქცეული კაპიტალი; იმიტომ, რომ არც ერთი ქვეყანა ახლოს არ მოვა საქართველოსთან საინვესტიციო ფონით, კორუფციის არქონით, უსაფრთხოების უმაღლესი დონით, თავი რომ დავანებოთ, რომ ეს არის ტურისტული სამოთხე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ეს არის ზუსტად ის მომენტი, როცა კაპიტალი გარბის ყველა სხვა ქვეყნებიდან და როცა საქართველოს აქვს შანსი პირიქით თავისი ეკონომიკური პოტენციალი გაზარდოს ამ გაქცეული კაპიტალის ხარჯზე“, – დასძინა მან.

This post is also available in: English Русский

Back to top button